weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

FIDE-ს პრეზიდენტმა და კრემლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა უკრაინაში ომი დაგმო

12:54 სამშაბათი, 15 მარტი 2022

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტი, ყოფილი რუსი პოლიტიკოსი არკადი დვორკოვიჩი, რომელიც წლების განმავლობაში კრემლში მაღალ თანამდებობს იკავებდა, უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა.

Mother Jones-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ომი ყველაზე საშინელი რამ არის, რაც ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს და რომ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე ფიქრობს.

„ომი ყველაზე უარესია მათ შორის, რაც ადამიანს შეიძლება შეემთხვას ცხოვრებაში. ნებისმიერი ომი, ნებისმიერ ადგილზე. ომი მხოლოდ ფასდაუდებელ სიცოცხლეებს კი არ კლავს, ის კლავს იმედებსა და მისწრაფებებს, ყინავს ან ანგრევს ურთიერთობებს და კავშირებს. მათ შორის ეს ომიც“, – განაცხადა დვორკოვიჩმა, რომელიც 2008-2012 წლებში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის თანაშემწე, 2012-2018 წლებში კი რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი იყო.

მისი თქმით, ფიდე-ს საბჭომ ერთსულოვნად გამოხატა შეშფოთება უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო მოქმედების გამო, ფიდე ეწინააღმდეგება „ამ ომს და ყველა ომს“, გმობს პოლიტიკური კონფლიქტების გადასაწყვეტად სამხედრო საშუალებების გამოყენებას. დვორკოვიჩმა აღნიშნა, რომ მოჭადრაკეები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შეძრწუნებულები არიან.

„ვფიქრობ უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ბევრ მოთამაშეზე, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ, რომლებსაც არ შეუძლიათ შეჯიბრებებში მონაწილეობა ან ჭადრაკზე ფიქრიც კი ომის დროს. ფიდე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინელები და ყველა ჭადრაკს დაუბრუნდეს მაშინ, როცა პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ფიდე-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ფიდე უზრუნველყოფს, რომ რუსეთსა და ბელარუსში ოფიციალური საჭადრაკო ღონისძიებები არ ჩატარდეს და არც მოთამაშეებს მისცემენ საშუალებას, ტურნირებზე ეს ორი ქვეყანა წარმოადგინონ მანამ, ვიდრე ომი არ დასრულდება და უკრაინელი მოჭადრაკეები ჭადრაკს არ დაუბრუნდებიან. არკადი დვორკოვიჩმა თქვა, რომ უკრაინელი მოჭადრაკეები გარანტირებულად მიიღებენ მონაწილეობას ჩემპიონატებში, მიუხედავად საკვალიფიკაციო ღონისძიებების გამოტოვებისა.

„ვიცი, რომ ბევრი კავშირი უკვე გაწყვეტილია და ზოგიერთი მეგობრობა ძნელად თუ აღდგება, მაგრამ ვოცნებობ, რომ უკრაინელი და რუსი მოთამაშეები ისევ შეეჯიბრონ ერთმანეთს, ითამაშონ არა ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ერთად“, – განაცხადა დვორკოვიჩმა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. პუტინი, მისი ხელისუფლების წარმომადგენლები და კრემლის მედიასაშუალებები სიტყვა „ომს“ არ ახსენებენ და აცხადებენ, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მიმდინარეობს. 20 დღეა ინტენსიურად იბომბება უკრაინული ქალაქები, მათ შორის, საცხოვრებელი კვარტლები, საავადმყოფოები, სკოლები და საბავშვო ბაღები. რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ორსულები და ბავშვებიც. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 2.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]