weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ომის საწინააღმდეგო აქციის გამო დაკავებული რუსი რედაქტორის ადგილსამყოფელი უცნობია

14:29 სამშაბათი, 15 მარტი 2022

ადვოკატებისთვის ამ დრომდე იცნობია, სად არის რუსეთის „პირველი არხის“ რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია მას შემდეგ, რაც გუშინ, გადაცემა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში პლაკატით შევიდა და უკრაინაში ომის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.

დღეს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმის დასადგენად, არის თუ არა მის ქმედებაში რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. აღნიშნული მუხლის მიხედვით, დანაშაულია ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

„პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის ადვოკატი, დანილ ბერმანი ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომიტეტი მარინა ოვსიანიკოვას წინააღმდეგ „საჩვენებელი“ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებს.

„მოვედი საგამოძიებო კომიტეტში. დიდად აქაც ვერაფერს გაარკვევ. არის ინფორმაცია, რომ ის შეიძლება წაეყვანათ რომელიმე რაიონულ განყოფილებაში. გამოდის, რომ მარინა შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას - წადი და ეძებე.

ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, ადვოკატის გარეშე სკამზე სვამენ და ეუბნებიან: აღიარებ და ითანამშრომლებ, მიიღებ შინაპატიმრობას და პირობით სასჯელს. არ აღიარებ - აღმოჩნდები ციხეში და მიიღებ 15-წლიან სასჯელს.

ადამიანმა, რომელსაც სამართლის დარგის ცოდნა და ადვოკატის გამოყენების პრაქტიკა არ აქვს, სავსებით შესაძლებელია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა და აღიარება აირჩიოს. ასეთ სიტუაციაში ვინმეს გამტყუნება შეიძლება? სასწორზე ხომ არა 15 დღე, არამედ, 15 წელი დევს.

სხვათა შორის, „ნაცისტურ“ უკრაინაში, სწორედ იქ, სადაც „ბანდეროველები“ არიან, არის ასეთი „მკაცრად ფაშისტური“ რამ - სისხლის სამართლის საქმეთა საჯარო რეესტრი. თუ საქმე აღიძრა, ამის შესახებ ინფორმაცია რეესტრში იწერება და არ არის საჭირო მთელ ქალაქში ენაგადმოგდებულმა ირბინო და ეძებო, რომელ გამომძიებელს უნდა ჰქონდეს ორდერი. მის შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ღიაა.

ოვსიანიკოვას მაგალითზე აშკარად ჩანს რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნის ყველა პროცედურის ხვრელები და არალეგალური ბუნება“, – წერს ბერმანი.

14 მარტს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „პირველი არხის“ რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა გადაცემა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში შევიდა პლაკატით, რომელზეც ეწერა: „არა ომს. გააჩერეთ ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“.

 

მარინა ოვსიანიკოვამ ეთერში პლაკატითა და შეძახილებით შესვლამდე, წინასწარ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა:

„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, დანაშაულია. რუსეთი კი აგრესორი ქვეყანაა​. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია. მამაჩემი უკრაინელია, დედა – რუსი. ისინი არასდროს ყოფილან მტრები.

ეს ყელსაბამი ჩემს ყელზე არის სიმბოლო იმისა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ძმის მკვლელი ომი და ჩვენი მოძმე ერები კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლები მე ვმუშაობდი პირველ არხზე, დაკავებული ვიყავი კრემლის პროპაგანდით და ახლა მე მრცხვენია ამის გამო. მრცხვენია, რომ ვუშვებდი ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის თქმას. მრცხვენია, რომ ვუშვებდი რუსი ხალხის ზომბირებას. ჩვენ გავჩუმდით 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ იწყებოდა. ჩვენ არ გავედით მიტინგებზე, როდესაც კრემლი წამლავდა ნავალნის. ჩვენ უბრალოდ მდუმარედ ვადევნებდით თვალს ამ ანტიადამიანურ რეჟიმს. ახლა კი ჩვენ ზურგი გვაქცია მთელმა მსოფლიომ. ჩვენი შთამომავლობის ათი თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმისმკვლელი ომის სირცხვილს. ჩვენ, რუსი ხალხი მოაზროვნე და ჭკვიანები ვართ. მხოლოდ ჩვენს ძალებშია ამ სიგიჟის შეჩერება. გამოდით მიტინგებზე, ნურაფრის გეშინიათ, ისინი ყველა ჩვენგანს ვერ დააპატიმრებენ“, – ამბობს რუსი ჟურნალისტი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოვსიანიკოვას პროტესტის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

მე-20 დღეა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთის შეიარაღებული ძალები ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს და საავადმყოფოებსაც კი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]