მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მოხვედრას ოჯახის წევრებთან და მხარდამჭერებთან, მათ შორის, უკრაინელ ოპოზიციონერ იულია ტიმოშენკოსთან და ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკისთან ერთად ცდილობდა.
"მატარებლის დაკავება არის კანონდარღვევა, უკრაინული და პოლონური მხარისთვის საჭიროა ეს პრობლემა გადაწყდეს. ხელოვნურად ქმნიან წინაღობას. არეულობა შექმნეს. კანონი არის, რომ ვისაც ბილეთი აქვს, მატარებელზე მოხვდეს და საზღვარზე გადავიდეს, შემდეგ უკრაინული მხარე გადაწყვეტს, ყველა პროცედურას, ვინ გაივლის კონტროლს და ვინ არა. ეს ყველაფერი პოლონეთის ტერიტორიაზე ხდება. ჩვენ გვრცხვენია ამის გამო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ მატარებელი მათ გააჩერეს.
სააკაშვილმა თავდაპირველად დაანონსა, რომ უკრაინაში "კრაკოვეცის" სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დაბრუნდებოდა, სადაც მის დასახვედრად მხარდამჭერები შეიკრიბნენ. თუმცა, მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ ქალაქ პერემიშლიდან მატარებლით, ე.წ. "ინტერსითით" გამგზავრებულიყო. როგორც სააკაშვილმა განმარტა, მან ეს "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით გააკეთა.
დღეს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ.