რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი უკრაინამ ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს წარადგინა. კიევი მიიჩნევს, რომ მოსკოვმა გენოციდის ცნების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა და ცრუ განცხადებები გააკეთა დონბასში მცხოვრები რუსების გენოციდის შესახებ, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საბაბად გამოიყენა.
„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნებით მანიპულაციის გამო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გაეროს სართაშორისო სასამართლომ მიიჩნია, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება აუცილებელია, რადგან არსებობს რეალური და გარდაუვალი რისკი იმისა, რომ საჩივრის განხილვის დასრულებისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გამოუსწორებელი ზიანი მიადგება უკრაინას და მის მოსახლეობას.
სასამართლოს ბრძანებით რუსეთმა სამხედრო მოქმედებები უნდა შეაჩეროს და გარდა ამისა, აღკვეთოს ასეთი ქმედება სამხედრო ან არარეგულარული შეიარაღებული ფორმირებების, ორგანიზაციებისა და პირების მხრიდან, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობით, კონტროლით და მხარდაჭერით.
დროებით ღონისძიებას მხარი 13-მა მოსამართლემ დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა რუსეთიდან და ჩინეთიდან არჩეულმა მოსამართლეებმა მისცეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ იწყებდა: „მისი მიზანია იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ჩაგვრის, კიევის რეჟიმის მხრიდან გენოციდის ქვეშ“, – თქვა მან.