weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოდოლიაკი ლამბრეხტს: თუ გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ აკეთებთ

14:45 შაბათი, 19 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინ ლამბრეხტის განცხადებას იმის შესახებ, რომ NATO უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება.

პოდოლიაკის თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების ასეთი განცხადებები რუსეთისთვის წამახალისებელია.

„გერმანელმა მინისტრმა ლამბრეხტმა ღიად თქვა: „NATO არ ჩაერევა კონფლიქტში და არ შექმნის არასაფრენ ზონას უკრაინაში“.

ევროკავშირის პოლიტიკოსების ყოველი ასეთი განცხადება წახალისებაა რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინაში ხოცვა-ჟლეტა მოაწყოს. თუ არ გინდათ ომს ომი უწოდოთ და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ აკეთებთ“, – დაწერა Twitter-ზე პოდოლიაკმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ NATO არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში და არ გახდება მხარე. ლამბრეხტის თქმით, ამ მიდგომაში არაფერი შეიცვლება. გარდა ამისა, გერმანელმა მინისტრმა კვლავ უარყო კიევის მოწოდება უკრაინის თავზე არაფრენი ზონის შექმნის შესახებ, რაც „არაპროგნოზირებადი შედეგებით“ დაასაბუთა.

24-ე დღეა უკრაინაში ომი მიმდინარეობს. 24 თებერვლიდან რუსეთი ცდილობს კონტროლი დაამყაროს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებზე. საჰაერო და სარაკეტო იერიშების სამიზნე სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის, საავადმყოფოები, სკოლები და ადმინისტრაციული შენობები ხდებიან. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები. ამის გამო უკრაინის ხელისუფლება NATO-სგან ითხოვს, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონა შექმნას. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ამის გაკეთების ერთადერთი გზა უკრაინის საჰაერო სივრცეში ნატოს მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებით აკრძალული ზონის დაწესებაა.

„გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც შეიძლება დასრულდეს ევროპაში სრულფასოვანი ომით, რომელიც მოიცავს ბევრ ქვეყანას და გამოიწვევს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა 5 მარტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]