ლუკაშენკოს თქმით, თუ უკრაინის პრეზიდენტი პუტინის შეთავაზებას არ დათანხმდება, მოკლე ხანში იძულებული იქნება, კაპიტულაციის შესახებ აქტს მოაწეროს ხელი.
„რუსეთი ამ ომში არ წააგებს. როგორც კი ხელმოწერილი იქნება შეთანხმება, რომელიც ბელარუსში მიმდინარე მოლაპარაკებების საფუძველზე მუშავდება, შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი არ დათანხმდება ოპერაციის შეჩერებას ან შეწყვეტას მანამ, ვიდრე შეთანხმება არ იქნება ხელმოწერილი“, – განაცხადა ლუკაშენკომ და დაამატა, რომ რუსეთი აუცილებლად მიაღწევს იმ მიზნებს, რომლებიც „ოპერაციის“ დაწყებამდე დასახა.
ჟურნალისტმა ლუკაშენკოს სთხოვა, უფრო დეტალურად ესაუბრა, რას სთავაზობს რუსეთი უკრაინას.
„რუსეთი უკრაინას სთავაზობს ისეთ რაღაცებს, რომლებიც... აი, ბელარუსში ხდება. ანუ უკრაინა უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია – გარკვეული ნიუანსებით. ის არ უნდა იყოს პლაცდარმი რუსეთზე თავდასხმისთვის, უპირველეს ყოვლისა. მას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, არ უნდა ემუქრებოდეს რუსეთს, არ უნდა უკრძალავდეს უკრაინაში მცხოვრებ ხალხს ნებისმიერ ენაზე საუბარს – იქ ცოტა რუსი არაა და თუ მათ უნდათ რუსულად საუბარი, ილაპარაკონ. იქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვავდეს ნაციზმი, რათა არ გადაიზარდოს ფაშიზმში, რომელიც გასული საუკუნის შუა პერიოდში გამოვცადეთ. რა არის ამაში ცუდი? ყველაფერი ბუნებრივია, მაგრამ რუსეთი ამას ახლა სთავაზობს უკრაინას. თუ უკრაინა არ მოილაპარაკებს რუსეთთან, კაპიტულაციას მოაწერს ხელს. ახლა შესაძლოა ერთადერთი და განუმეორებელი მომენტია, რომ უკრაინა ღირსეულად გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან. უკრაინა ამ მომენტს უნდა ჩაეჭიდოს. ეს სასარგებლო იქნება უკრაინისთვის, რუსეთისა და ბელარუსისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ბელარუსი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავალი მხარეა.