„ევროპელმა ლიდერებმა ბრძოლა უნდა დაიწყონ. ევროკავშირში უკრაინის შესვლა – ეს ომია. ამისთვის საჭირო არაა იარაღის აღება. რუსეთი არ უჭერს მხარს უკრაინას, როგორც დასავლური სამყაროს ნაწილს, ისინი გვხედავენ როგორც პოსტსაბჭოთა თუ საბჭოთა ცხოვრების ნაწილად და ეს არის ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა უნდა აჩვენონ, რომ მზად არიან რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლველად. ზელენსკის განცხადებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროპის ქვეყნები საბოლოოდ არ აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა უკრაინაა, რომელსაც არ წარმოედგინა, რომ მეზობლის სრულმასშტაბიანი შეჭრის მსხვერპლი გახდებოდა.
„თქვენ უბრალოდ ერთ დილას გაიღვიძებთ და გაიგებთ იმას, რაც ჩვენ გავიგეთ – რომ უბრალოდ ომი დაიწყო. ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთმა თავი არ იგრძნოს მსოფლიოს ბატონად, დღეს ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს რუსეთის არმიის შეტევა, რომელიც მსოფლიოში მეორეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის არ უნდა გვეშინოდეს.
„რუსეთს უნდა შეუზღუდონ ძალაუფლება, არ მისცენ უცხოურ ბანკებზე ფულის გამომუშავების და ბიზნესის წინ წაწევის საშუალება. ისე უნდა ატკინონ, როგორც ჩვენ გვტკივა. მხოლოდ ჩვენ ვართ სარდაფებში, წყლის გარეშე, საკვების გარეშე, საწარმოები არ მუშაობენ... დაე, მათაც იგრძნონ, ოღონდ ნუ დაბომბავთ რაკეტებით, ნუ გაანადგურებთ ერს“, – განაცხადა ზელენსკიმ.