weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზელენსკი იტალიის პარლამენტში გამოსვლისას: „ნუ იქნებით კურორტი მკვლელებისთვის“

18:10 სამშაბათი, 22 მარტი 2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და იტალიელებს მოუწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას დაუჭირონ მხარი.

„იტალიელებო, დროა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა იყოს. ეს არის ომი, რომლისთვისაც რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ერთი ადამიანი, ათწლეულების განმავლობაში. ნავთობისა და გაზის ექსპორტით ნაშოვნი ფული ომის მომზადებაზე იხარჯებოდა და ეს არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომი. მათი სამიზნეა ევროპა, გადამწვეტი გავლენის მოხდენა თქვენს ცხოვრებაზე, თქვენი პოლიტიკის გაკონტროლება, თქვენი ღირებულებების განადგურება. დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, თავისუფლება – ეს იგივე ღირებულებებია, რაც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა რუსეთის ჯარებისთვის ევროპაში გამავალი კარიბჭეა, შეჭრა უნდათ, მაგრამ ბარბაროსობას გზა არ უნდა მისცენ.

„27 დღეა, შემოჭრა არ შეჩერებულა. ამიტომ საჭიროა მეტი სანქციები, კიდევ უფრო მეტი ზეწოლა, რათა რუსეთი ეძებდეს არა სამხედრო რეზერვებს ან დაქირავებულ მებრძოლებს ლიბიასა ან სირიაში, არამედ მშვიდობას; რათა ის ერთი ადამიანი ეძებდეს მშვიდობას.

ამ ომის შედეგები უკვე იგრძნება მსოფლიოს მრავალ ნაწილში, არამხოლოდ ევროპაში. ყველაზე საშინელი რამ შიმშილი იქნება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას უახლოვდება. უკრაინა ყოველთვის იყო საკვების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, მაგრამ როგორ უნდა დავთესოთ რუსული არტილერიის დარტყმების ქვეშ? როცა მტერი განზრახ ნაღმავს მინდვრებს, ანადგურებს საწვავის ბაზებს? არ ვიცით, რა მოსავალი გვექნება და შევძლებთ თუ არა ექსპორტს, როცა ჩვენი პორტები დაბლოკილი და დაპყრობილია“, – მიმართა იტალიელებს ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ხალხს არასდროს სურდა ომი და ისინიც ევროპელები არიან.

„თქვენ იცით, ვინ მოიტანა ომი უკრაინაში, ვინ იძლევა ბრძანებებს და ვინ უწყობს ხელს. თითქმის ყველა მათგანი იყენებს იტალიას როგორც დასვენების ადგილს. ასე რომ, ნუ იქნებით კურორტი მკვლელებისთვის. დაუბლოკეთ მთელი უძრავი ქონება, ანგარიშები და იახტები – „შეჰერეზადადან“ ყველაზე პატარებამდე. დაბლოკეთ ყველა იმ ადამიანის აქტივები, ვისაც რუსეთში გავლენები აქვს. დაე, გამოიყენონ თავიანთი გავლენა მშვიდობისთვის. მხარი დაუჭირეთ რუსეთის წინააღმდეგ უფრო დიდ სანქციებს – სრული ემბარგო ვაჭრობაზე, ნავთობით დაწყებული. მხარი დაუჭირეთ თქვენს პორტებში რუსული გემებისთვის შესვლის აკრძალვას, რათა მათ იგრძნონ თავიანთი აგრესიის საზღაური“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეს ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და მტრის ჯარებმა უკრაინა უნდა დატოვონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]