weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაიდენი პუტინზე: „ეს ადამიანი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში“

00:26 კვირა, 27 მარტი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთიდან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას. მან რუსებსაც მიმართა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის აგრესიამ რუსი ხალხი ჩამოაშორა დანარჩენ სამყაროს და ქვეყანა მე-19 საუკუნეში დააბრუნა.

„მე ყოველთვის პირდაპირ და გულახდილად გელაპარაკებოდით თქვენ, რუს ხალხს. ნება მომეცით გითხრათ, თუ თქვენ შეგიძლიათ ახლა ამის მოსმენა. მე ვამბობ, რომ რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების, ბებია-ბაბუების მკვლელობას, სკოლების, საავადმყოფოების, სამშობიაროების რუსული რაკეტებით დაბომბვას, ან ალყაში მოქცევას ქალაქებისას, საიდანაც მშვიდობიან მოსახლეობას არ უშვებენ. მილიონობით ოჯახი იძულებულია დატოვოს თავიანთი სახლები, ყოველი მეორე უკრაინელი ბავშვი ლტოლვილია. ასე არ იქცევიან დიდი ერები“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთმა „დემოკრატია დაახრჩო“ და ცდილობდა, ეს სხვაგანაც გაეკეთებინა.

„პუტინს ეყო უტიფრობა ეთქვა, რომ უკრაინის დენაციფიკაციას ახდენს. ეს ტყუილია, უბრალოდ ცინიკურია. მან ეს იცის. ეს უსირცხვილობაც არის“, – თქვა ბაიდენმა და დაამატა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტია, ებრაელია და მისი მამის ოჯახი ჰოლოკოსტის დროს განადგურდა.

„ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. დიქტატორი, რომელიც იმპერიის აღდგენით არის გატაცებული, ვერასოდეს მოკლავს თავისუფლების სიყვარულს ადამიანებში. ძალით ვერ ჩაახშობს მათ ნებას. რუსეთი ვერასოდეს გაიმარჯვებს უკრაინაზე, რადგან თავისუფალი ადამიანები არ იცხოვრებენ სამყაროში, სადაც უიმედობა და სიბნელე სუფევს. მომავალი სხვანაირი იქნება: ის დემოკრატიაზე და პრინციპებზე იქნება აგებული, იქნება იმედი და სინათლე, წესიერება და ღირსება, თავისუფლება და უსაზღვრო შესაძლებლობები. ჩვენ სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ: გამარჯვება ამ ბრძოლაში უახლოეს დღეებში ან თვეებში არ იქნება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე განიცადა „სტრატეგიული მარცხი“: „ეჭვგარეშეა, რომ ეს ომი უკვე არის რუსეთის სტრატეგიული მარცხი“.

ბაიდენმა თქვა, რომ პუტინს შეუძლია და უნდა დაასრულოს ომი.

თეთრმა სახლმა განმარტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის გადაყენების მოწოდებით არ გამოსულა, როდესაც პუტინზე თქვა, რომ „ეს ადამიანი ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]