weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ციფრული ოქროს ფასი ომში - როგორ აქცია უკრაინამ კრიპტოვალუტა იარაღად

19:55 კვირა, 27 მარტი 2022

„დაელოდეთ“, - წლებია, ასე პასუხობენ კრიპტოვალუტის მეხოტბეები სკეპტიკოსებს, რომლებსაც ციფრული ფული არასერიოზულად მიაჩნიათ, - „დაელოდეთ მანამ, სანამ ინფლაციის ტალღები ყველას დაგვარტყამს და ხალხი დანაზოგების გაციფრულებას დაიწყებს. დაელოდეთ ომს, როდესაც ავტორიტარები აქტივებს დაუფლებიან და მოქალაქეებზე კონტროლს გაამკაცრებენ. დაელოდეთ დროს, როდესაც დიდი ბანკები და კომპანიები დისიდენტებს სანქციებს დაუწესებენ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მაშინ მიხვდებით, რატომ გვჭირდება დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა“.

ეს სცენარი ახლა მსოფლიოს რეალობაა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ევროპის შუაგულში არა წარმოსახვითი, არამედ ნამდვილი და სრულმასშტაბიანი ომია - ერთი თვეა, რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიას განაგრძობს. 

ამ ხნის განმავლობაში, უკრაინაში ვირტუალური ვალუტების შესყიდვა მკვეთრად გაიზარდა. ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტებმა საბანკო ანგარიშებზე და უცხოურ ვალუტებზე წვდომა შეზღუდეს. შედეგად, ბევრმა უკრაინელმა კრიპტოზე გადაინაცვლა. მათი ნაწილი კრიპტოვალუტას აქტივების ქვეყნიდან გატანის, ნაწილი კი ეკონომიკური კოლაფსის პირობებში დაგროვების საშუალებად ხედავს. 

უკრაინა მსოფლიოს პირველ კრიპტოომში

უკრაინაში კრიპტოს განვითარებაზე ომამდეც ფიქრობდნენ - შარშან კვლევითმა ჯგუფმა Chainalysis-მა ქვეყანას მეოთხე ადგილი მიანიჭა კრიპტოვალუტის გავრცელების ინდექსში. ციფრულ ვალუტებს მოსახლეობის 13%-მდე ფლობს.

თუმცა ომმა სურათი რადიკალურად შეცვალა. რუსეთის შეჭრიდან მეორე დღესვე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თავის მოადგილეს, ალექს ბორნიაკოვს დაავალა, შეექმნა ოფიციალური სამთავრობო საფულე, რომელიც გადარიცხვებს კრიპტოვალუტაში მიიღებდა. ამ გზით უკრაინამ 100 მილიონ დოლარზე მეტის მიღება შეძლო.

თანხის დიდი ნაწილი უკვე დაიხარჯა ტყვიაგაუმტარი ჟილეტების, საკვების, ჩაფხუტებისა და სამედიცინო რესურსების შეძენაზე. ლეტალური აღჭურვილობის შეძენაზე უარი განზრახ თქვეს.

ნაწილი კი, როგორც ბორნიაკოვი ამბობს, მოხმარდა „ციფრულ დიპლომატიურ ომს“. ამგვარი ომის მიზანია სოციალური ქსელებისა და მედიის საშუალებით მისწვდნენ პროპაგანდის მსხვერპლ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ინფორმაციულ ვაკუუმში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ციფრული გზით მოზიდული თანხა დასავლური ქვეყნებისგან და მსოფლიო სავალუტო ფონდისგან მიღებულ მილიარდებთან შედარებით მცირეა, მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ კრიპტო უკრაინისთვის გახდა ომის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც მოქნილობითა და სისწრაფით გამოირჩევა.

„არ ვფიქრობ, რომ კრიპტო ომში მთავარ როლს თამაშობს, თუმცა ის ნამდვილადაა აუცილებელი ჯარის დასახმარებლად. ახლა, როცა ეროვნული ბანკი სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს, კრიპტო გვეხმარება სწრაფ გადარიცხვებში, რასაც ასევე სწრაფი შედეგი ახლავს თან“, - ამბობს ალექს ბორნიაკოვი. 

უკრაინელი ჯარისკაცი ბანკომატთან. ფოტო: ანდრეი ანდრიენკო

17 მარტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც უკრაინაში კრიპტოვალუტის გამოყენება ლეგალური გახდა. ქვეყნის ეროვნული ბანკი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებასაც აპირებს.

„უკრაინა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანად მიიჩნევა კრიპტოვალუტების ინტეგრაციის თვალსაზრისით, რაც Kuna ფონდის და უკრაინის ბლოკჩეინის ასოციაციის დიდი დამსახურებაა. უკრაინაში, ბევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, კრიპტო კატეგორიულად არ აიკრძალა. ის ნაბიჯები, რაც საქართველოს ახლა აქვს გასავლელი, მათ უკვე სწრაფად გაიარეს.

ამ საკითხის შესწავლა 2019 წელს დაიწყეს და გაგრძელდა კოვიდის პერიოდშიც, რამაც შედეგად კრიპტო-გრივნის კონცეფციის ჩამოყალიბება მოიტანა. ომმა ციფრულ ფულთან ურთიერთობა კიდევ უფრო დააჩქარა. ბიტკოინი დაგროვების, გრძელვადიანი შენახვისა და ინვესტიციის საშუალებაა. ვინც უკრაინიდან გავიდა, კერძო პირები თუ კომპანიები, დიდი აქტივები კრიპტოვალუტით გადაიტანეს, რადგან ძალიან მარტივია. სადაც იქნები და როგორც იქნები, იქვე გახსნი შენს საფულეს“, - გვიხსნის ალექს სუდაძე, კრიპტოვალუტის სერტიფიცირებული ექსპერტი.

უკრაინის მთავრობა სწრაფადვე შეთანხმდა სამხედრო საშუალებების მომწოდებლებთან ტრანზაქციების ვირტუალური ვალუტებით განხორციელებაზე. შეიქმნა სპეციალური ვებგვერდიც, რომელზე დონაცია კრიპტოვალუტითაც შესაძლებელია.

„ჩვენ ვართ ქვეყნის პარალელური საბანკო სისტემა. არ გვადარდებს, ვინ გვიჭერს მხარს - ჰაკერები, კრიპტოკრიმინალები თუ სხვა, მთავარია, მათ ფული გამოგვიგზავნონ“, - ამბობს მიშა ჩობანიანი, კრიპტოვალუტის ბირჟის, Kuna-ს დამფუძნებელი და უკრაინის ბლოკჩეინის ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც, როგორც ალექს სუდაძე გვეუბნება, წარმოშობით საქართველოდანაა, თელავიდან.

უკრაინამ წარმატებულად გამოიყენა ომის პერიოდში კრიპტოვალუტის შესაძლებლობები, თუმცა ეს მარტივი არ ყოფილა. კრიპტოთი სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტთან წვდომა, შესაბამისი მოწყობილობა და ცოდნა, თუ როგორ და რომელი ვალუტა გამოიყენო. 

„კრიპტო მუშაობს გარკვეული ადამიანებისთვის, თუმცა თავდაპირველად მათ თავიანთი აქტივები უნდა გააციფრულონ და შემდეგ შეძლონ, რომ ქვეყნის გარეთ გაიტანონ, რაც ახლა მთავარი პრობლემაა. შემდეგ კი იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ძალიან არ გაუფასურდება“, - ამბობს საერთაშორისო ციფრული სპეციალისტი ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოდან, ჯულიო კოპი.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო ახლა მეტაისტორიის NFT-ის მუზეუმზე მუშაობს. NFT ერთგვარი ციფრული აქტივი, ხელოვნების ნიმუშია და მისი ყიდვა-გაყიდვა, ძირითადად, კრიპტოვალუტითაა შესაძლებელი. ციფრული კოლექცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის ყოველდღიურ ქრონიკას ასახავს. 

ნიმუში უკრაინის NFT-ის ციფრული კოლექციიდან

უკრაინა - ციფრული ტექნოლოგიების საერთაშორისო ჰაბი

წლებია, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის შექმნას ცდილობენ. 2021 წელს უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში ციფრული პასპორტებით და მეოთხე ქვეყანა ციფრული მართვის მოწმობებით. ლეგალური გახდა ვირტუალური აქტივების და ბიტკოინის ფლობაც და მთავრობამ კრიპტოსექტორის რეგულირებაზეც დაიწყო ფიქრი.

„მთავარი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი საუკეთესო იურისდიქცია მსოფლიოში კრიპტოკომპანიებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის მომავალი, ახალი ეკონომიკა, რომელიც განვითარებას დააჩქარებს“, - ამბობდა ალექსანდრ ბორნიაკოვი შარშან.

გასული წლის ნოემბრიდან უკრაინა „უქაღალდო რეჟიმზე“ გადავიდა - საჯარო ინსტიტუტები იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე ბაზაშია რეგისტრირებული, დაბეჭდილ დოკუმენტებად აღარ ითხოვენ. უკრიანაში ინფორმაციას ვირტუალურად ცვლიან.

უკრაინა 5 საუკეთესო ქვეყანას შორისაა უნაღდო ანგარიშსწორებების პროცენტულობითაც.

ციფრული ფული ქვეყნის მოსახლეობამაც იოლად აითვისა. ყოველწლიურად 8 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა გადის და შემოედინება ქვეყანაში. 2021 წელს დღიური ტრანზაქციების მოცულობა 150 მილიონ დოლარს აჭარბებდა, რაც ტრადიციულ ვალუტებში განხორციელებულ ტრანზაქციებზე მეტი იყო. 

2017-2019 წლებში უკრაინის კრიპტოსექტორში 171.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Bitfury, Hacken და Propy, უკრაინელების დაარსებულია. 

ინვესტორებს უკრაინის კრიპტოინდუსტრია ნაკლებ რეგულირებადი გარემოს გამო მოსწონთ.

„აქ წესები არ არის“, - ამბობს მიშა ჩობანიანი. „არა, წესები არის, მაგრამ მათი დარღვევა თავისუფლად შეგიძლია. ეს არის სრულყოფილი ბალანსი აბსოლუტურ ანარქიასა და შესაძლებლობებს შორის“.

კრიპტოს მეორე მხარე

უკრაინა დღეს კრიპტოვალუტას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად იყენებს, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ კრიპტოს გამოყენება შეიძლება რუსეთმაც დაიწყოს - დასავლეთის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. 

ბევრ ეკონომისტს კრიპტო ფულის გამთეთრებლების, ტერორისტების, მაფიოზებისა და გამომძალველების რჩეულ ვალუტად მიაჩნია. ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებობდა რისკები, რომ კრემლისთვის კრიპტოვალუტის ამ მიზნით გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა. ბლოკჩეინის ანალიტიკური ფირმის, Elliptic-ის კვლევის მიხედვით, ბიტკოინის მაინინგი ირანმა უკვე გამოიყენა იმისთვის, რომ სავაჭრო ემბარგოებისთვის გვერდი აევლო. 

რუსეთის სანქცირების შემდეგ ამ რისკზე კვლავ ალაპრაკდენენ. The New York Times-ის თანახმად, რუსეთი ახლა ციფრული რუბლის განვითარებაზე და იმგვარი ხელსაწყოების შექმნაზე მუშაობს, რაც მას ტრანზაქციების წარმომავლობის დაფარვაში დაეხმარება.

ამ სცენარის თავიდან ასარიდებლად, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა კრიპტო და ბლოკჩეინის პლატფორმებს მოუწოდა, დაბლოკონ რუსი მომხმარებლები. ამ საკითზე მუშაობს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.

სანამ ამ მხრივ ზომებს მიიღებენ, რუსეთში კრიპტო სულ უფრო პოპულარული ხდება. ბიტკოინის მაინინგით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

რუსეთი მჭიდროდაა დაკავშირებული ისეთ კრიპტო კიბერდანაშაულებთანაც, როგორებიცაა ფულის გათეთრება და გამოძალვა. Chainalysis-ის კვლევით, ამგვარი თავდასხმების შედეგად გამოძალული თანხების 70%-ზე მეტი რუსეთთან აფილირებულ ჰაკერებს უკავშირდება.

ალექს სუდაძე ფიქრობს, რომ რუსეთი კრიპტოვალუტის გამოყენებას იარაღის ან სამხედრო ტექნიკის შესაძენად ვერ შეძლებს, რადგან მას სხვა ქვეყნები არ მიჰყიდიან იარაღს. ნაკლებად რეალურად მიაჩნია ტრანზაქციების წარმომავლობის დამალვაც, - „იდენტიფიცირების გარეშე თითქმის არცერთი ბირჟა აღარ არის. აუცილებელია პროცედურის გავლა, რაც მოითხოვს გვარის, სახელის, ტელეფონის ნომრის, მისამართის ან პირადობის ასლის დადასტურებას. შესაბამისად, მომხმარებლის იდენტიფიცრება ბირჟაზე შესაძლებელია. თუ ძალოვანი სტრუქტურები ამას გამოითხოვენ, ბირჟა ვალდებულია, ინფორმაცია გადასცეს“.

შანსი საქართველოსთვის

რა შეუძლია ისწავლოს საქართველოს უკრაინის მაგალითისგან და როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ კრიპტოვალუტის სიკეთეები? ამ კითხვას ალექს სუდაძე ასე პასუხობს: 

„კრიპტოვალუტა არის შანსი სახელმწიფოებისთვის, რომ დაეწიონ ან გაასწრონ დღევანდელ ფინანსურ რეალობას - პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან თითქმის ყველა ჩამორჩენილია საბანკო და სახელმწიფო ფინანსური სტრუქტურების თვალსაზრისით.

უკრაინამ ბევრ ქვეყანას გაუსწრო, რუსეთსაც და საქართველოსაც, რადგან ის აღმოჩნდა ევროპის იმ წერტილში, სადაც კრიპტოპროექტებმა და კერძო კომპანიებმა დაიწყეს თავშეყრა. ამას ხელი შეუწყო 2 წლის წინ ბელარუსიიდან IT კომპანიების დევნამ. კომპანიები, პირველ რიგში, უკრაინაში ან პოლონეთში გადადიოდნენ და უკრაინამაც შესაბამისი კანონი მიიღო.

ბელარუსიიდან გადმოსულ კომპანიებს ჩვენც დავუწესეთ შეღავათები, თუმცა ცოტა დაგვიგვიანდა.

შეიძლება ითქვას, ჩვენ არც ჩამორჩენილები და არც ძალიან წინ ვართ. თუმცა გვაქვს შანსი, რომ განვვითარდეთ. ამისთვის კი ყოველდღიურად უნდა ვიყოთ ჩართულები, რომ საქართველოში კრიპტოპროექტები განხორციელდეს და კომპანიებმა აქ ყოფნით არ მოიწყინონ.

თუ ეს ბიზნესი მოვკალით, ეს კიდევ ერთი კატასტროფა იქნება საქართველოსთვის, ის ბიზნესმენები, რომლებიც აქ ჩამოდიან, ნახეს ჩინეთიც, ყაზახეთიც, უკრაინაც და არასატბილური ქვეყნების შთაბეჭდილება დარჩათ. ისინი ახლა საქართველოსკენ იხედებიან და მათაც თუ გავაგდებთ, დავრჩებით ისევ გაღიმებულები“.

კრიპტობიზნესი და საქართველო

მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნები კრიპტომაინინგის ჰეშრეითის მიხედვით აშშ (35.4%), ყაზახეთი (18.1%), რუსეთი (11.2%), კანადა (9.6%) და ირლანდია (4.7%) არიან. ამ სიას, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ჩინეთი ედგა სათავეში, თუმცა კრიპტობიზნესის ლიდერმა, რომელიც მსოფლიო წილის 50-60%-ს იკავებდა, ეს საქმიანობა 2022 წლის იანვრიდან სრულად აკრძალა.  

რა არის ჰეშრეითი? - ჰეშრეითი კრიპტოლექსიკონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერმინია და ის ზომავს რამდენი ტრანზაქცია ხორციელდება მაინინგის პროცესში 1 წამის განმავლობაში - რაც უფრო მაღალია ჰეშრეითი, მით უფრო მეტი ადამიანია ჩართული ქსელში.

მაინერებს საქართველოც იზიდავს - ლიბერალური კანონმდებლობისა და ელექტროენერგიის სიიაფის გამო. ელექტროენერგიის ფასი და მაღალმთიან რეგიონებში დაწესებული შეღავათები განსაკუთრებით მოხერხებულია ინდივიდუალური კრიპტომაინერებისთვის. მათი რაოდენობა ქვეყანაში აღრიცხული არაა. 

კემბრიჯის ბიტკოინის მაინინგის რუკაზე საქართველოს ჰეშრეითი, გასული წლის აგვისტოს მონაცემებით, 0.18%-ია. თუმცა, Arcane Research-ის უფრო ახალი კვლევით საქართველოს უფრო მაღალი - 0.71%-იანი მაჩვენებელი აქვს. კვლევითი ორგანიზაციის თანახმად, მაინინგში ქვეყნის 200 000 მოქალაქეზე მეტია ჩართული. (შედარებისთვის, უკრაინის ჰეშრეითი 0.13%-ია).

Bitfury-ის ცენტრი საქართველოში. ფოტო: ენდრიუ ნორთი.

ამ სფეროს ერთ-ერთმა უდიდესმა კომპანიამ, Bitfury-მ, პირველი ცენტრი საქართველოში ჯერ კიდევ 2015 წელს, გორში გახსნა. მომდევნო წელს კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროსგან გლდანში 18 ჰექტარი მიწა, რომლის საბაზრო ღირებულება იმ დროს 1 850 000 ლარი იყო, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად იყიდა. ამ ტერიტორიას მთავრობამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი მიანიჭა, Bitfury-მ კი იქ მეორე ცენტრი განათავსა. საქართველო გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიური მიღწევა უძრავი ქონების რეგისტრაციაში დანერგა.

ახლა საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნაზე მუშაობს და მის საპილოტე რეჟიმში ჩაშვებას მიმდინარე წელს ვარაუდობს.

ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]