weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უკრაინაში გამოძიება დაიწყო

12:25 ორშაბათი, 11 სექტემბერი 2017

ლვოვის პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს და 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციის განცხადებით, წუხელ, „შეგინის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდამცავი დაშავდა.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილი და მისი მომხრეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ „სახელმწიფო საზღვრის გარღვევის“ გამო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე გუშინ, 10 სექტემბერს, საღამოს გადავიდა. სააკაშვილს „შეგინის“ გამშვებ პუნქტზე მყოფი მხარდამჭერები დაეხმარნენ, რომლებმაც სამხედროების კორდონები გაარღვიეს.

საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ლვოვისკენ გაემგზავრა. ლვოვის მერის განცხადებით, ის კიევში დღეს ჩავა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო გამშვები პუნქტის „კრაკოვეცის“ გავლით გეგმავდა. მოულოდნელად მან გეგმა შეცვალა და ქალაქ პერემიშლიდან კიევში გამგზავრება მატარებლით გადაწყვიტა. სამი საათის განმავლობაში მატარებელი ადგილიდან არ დაიძრა. ამის შემდეგ სააკაშვილმა მატარებლით გამგზავრებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ უკრაინაში ავტობუსით, „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით გადავიდოდა, თუმცა ავტობუსმა გეზი შეიცვალა და „შეგინის“ პუნქტთან მივიდა. სააკაშვილს იქ მხარდამჭერები დახვდნენ.

საკაშვილის გამოჩენის შემდეგ „შეგინის“ გამშვები პუნქტი დაკეტეს იმ მიზეზით, რომ ტერიტორია დანაღმული იყო. გამშვები პუნქტის ორივე მხარეს ათეულობით სპეცრაზმელმა და სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს. თუმცა სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად, რომელთა შორის უმაღლესი რადას დეპუტატებიც არიან, საზღვრის გადაკვეთა და უკრაინაში მოხვედრა შეძლო.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 27 ივლისს ჩამოართვა. 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან თხოვნა, სააკაშვილის დაპატიმრებისა და საქართველოში მისი ექსტრადიციის თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]