„კრიმინალებს კრიმინალები უნდა ეწოდოთ, უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე და გასამართლდნენ. ფოტოები ბუჩადან უარყოფენ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისი ნებისმიერ ფასად. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს ყველაფერზე მეტად სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი“, – დაწერა პოლონეტის პრეზიდენტმა Twitter-ზე.
ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკიც. მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოიწვიონ ევროსაბჭო რუსეთის დანაშაულებებსა და ეფექტურ სანქციებზე სამსჯელოდ.
მატეუშ მორავეცკის განცხადებით, იმას, რაც ბუჩაში და კიევთან მდებარე სხვა ქალაქებში მოხდა, გენოციდი უნდა ეწოდოს და შესაბამისი პასუხი გაეცეს.
„საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც პირდაპირ ან ირიბად არის პასუხისმგებელი. ბუჩას ხოცვა-ჟლეტა განგაშის ზარზე მეტია ევროპისა და მსოფლიოსთვის. ეს არის საზარელი მოთხოვნა სამართლიანობის, თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლებისთვის, ძირითადი და უნივერსალური ღირებულებებისთვის“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
მატეუშ მორავეცკის თქმით, „პუტინის კრიმინალურ და უფრო მეტად ტოტალიტარულ რეჟიმს“ ისეთი სანქციები უნდა დაუწესდეს, რომლებიც რეალურად იმუშავებს.
„უკრაინამ უნდა მიიღოს მეტი იარაღი, რომლითაც შეძლებს მარიუპოლის, ბუჩას და სხვა მრავალ ადგილას ქალებისა და ბავშვების დაცვას. ეს ჩვენი პოლიტიკური და მორალური მოვალეობაა. საკმარისია ცრუ ჟესტები და აცილების ტაქტიკა. საკმარისია!“, – განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.