სატელიტური ფოტოები 21 მარტით თარიღდება.
„ქუჩაში სულ მცირე 8 ცხედარია იდენტიფიცირებული. ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 31 მარტამდე იყო ოკუპირებული“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი, მათ შორის ქალაქი ბუჩა რუსებმა დატოვეს და იქ უკრაინელი სამხედროები და მედიის წარმომადგენლები შევიდნენ, ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ქუჩებში უამრავი შეუიარაღებელი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანის ცხედარი იყო. ბუჩაში გადაღებული ფოტოების მიხედვით, ზოგიერთი ადამიანი ხელებშეკრული იყო მოკლული, ზოგი კი ველოსიპედით გადაადგილების დროს. ჟურნალისტებმა დამწვარი, ნაწამები და ქვიშაში დამარხული ცხედრებიც ნახეს. მათ შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ხალხი ერთთვიანი ოკუპაციის დროს, რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად დაიღუპა.
3 აპრილს, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ თქვა, რომ რუსებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე, მათ შორის ბუჩაში, სულ მცირე 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასობრივ მკვლელობასთან საკუთარი სამხედროების კავშირს უარყოფს. უწყებამ განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეომასალა მორიგი პროვოკაციაა“.
„ვიდრე ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იყო, არცერთი ადგილობრივი მცხოვრები არ დაზარალებულა რაიმე ძალადობრივი ქმედების შედეგად“, – განაცხადეს 3 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ბუჩაში მომხდარს „კარგად მართული ტრაგიკული შოუ“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა.