როგორც დმიტრო კულებამ განაცხადა, ახლა უკრაინის დასახმარებლად საუკეთესო გზაა მისი უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც აუცილებელია პუტინის შესაკავებლად და რუსული არმიის დამარცხებლად უკრაინაში, რათა ომი უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს.
„ბოლო თვეებში, ბოლო კვირებში, უკრაინულმა არმიამ და მთელმა უკრაინელმა ერმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ. ჩვენ ვიცით, როგორ გავიმარჯვოთ, მაგრამ უკრაინის მიერ მოთხოვნილი იარაღის მდგრადი და საკმარისი მარაგების გარეშე, ამ გამარჯვებას თან ახლავს უზარმაზარი მსხვერპლი.
რაც უფრო მეტ იარაღს მივიღებთ და რაც უფრო მალე ჩავა ის უკრაინაში, მით მეტი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. მეტი ქალაქი და სოფელი არ განადგურდება. სხვა ბუჩა აღარ იქნება.
ეს არის ჩემი მესიჯი NATO-ს მოკავშირეებისადმი და ეს ძალიან მარტივია. მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, გვერდით გადადონ ყოყმანი და უხალისობა უკრაინას მიაწოდონ ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი მშვიდობის მიზანს ემსახურება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, კონკრეტულად რა სახის იარაღი სჭირდება უკრაინას, კულებამ თქვა, რომ ეს არის თვითმფრინავები, გემსაწინააღმდეგო რაკეტები, ჯავშანტექნიკა და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„როდესაც საქმე ეხება უკრაინას, არ უნდა არსებობდეს განსხვავება თავდაცვით იარაღსა და თავდასხმითს შორის, რადგან ყოველი იარაღი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინული არმიის მიერ აგრესორის წინააღმდეგ გამოიყენება, თავდაცვითია. ასე რომ, ამ განსხვავებას არანაირი აზრი არ აქვს, როდესაც საქმე ეხება ჩემს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ის ქვეყნები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინას თავდაცვით იარაღს მივაწოდებთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მივაწოდოთ თავდასხმითი იარაღი, ფარისევლები არიან. ეს უბრალოდ უსამართლოობაა და არასამართლიანი მიდგომაა“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.