რუსული მედიის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ზღვაზე შტორმი იყო და ბუქსირით გადაყვანისას გემი ჩაიძირა. მანამდე, კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, კრეისერს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნით“ დაარტყეს. მათივე მტკიცებით, სწორედ „მოსკვა“ არის ის რუსული სამხედრო გემი, რომლის მისამართითაც კუნძულ ზმეინიზე მყოფმა უკრაინის დამცველებმა უცენზურო ფრაზა (რუსულად - Русский военный корабль, иди *****!) თქვეს.
კრეისერი „მოსკვა“ ექსპლუატაციაში 1983 წელს შევიდა. მის შეიარაღებას შორის იყო საბჭოთა ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის (П -1000 „Вулкан“) 16 საზენიტო რაკეტა.
Forbes-ის თანახმად, „მოსკვას“ ჩაძირვა რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო დანაკარგია 24 თებერვლიდან მიმდინარე ომში. კრეისერის სავარაუდო ღირებულება 750 მილიონი აშშ დოლარი იყო.