BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ არავინ იცის, ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა მარიუპოლში, თუმცა, საუბარია დაახლოებით 20 ათას მოსახლეზე.
„მარიუპოლში შენობების 95% განადგურებულია. ეს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაში. 500 ათასი მოსახლე. 500 ათასი ადამიანი. მათგან რამდენია დაღუპული, არავინ იცის. რამდენი რჩება იქ - არავინ იცის. მომავალში, რა თქმა უნდა, გავიგებთ. იცით, რომ მათ თან მოძრავი კრემატორიუმები წამოიღეს? იცით ამის შესახებ?“, – თქვა ზელენსკიმ BBC-სთან.
მისი თქმით, დადასტურებულია, რომ რუსებს მოძრავი კრემატორიუმები აქვთ იმისთვის, რომ უკრაინელების მოკვლა, შემდეგ კი მათი ცხედრების დაწვა შეძლონ.
„დიახ, ეს ასეა. მათ წამოიღეს ეს კრემატორიუმები, ამას ძალიან ბევრი მოწმე ჰყავს. ისინი უბრალოდ წვავენ გვამებს, რომ მინიმალური მტკიცებულებები არსებობდეს. თუმცა, ხედავთ რა ხდება ბუჩაში, ბოროდიანკაში, დმიტროვკაში და ეს არასაკმარისი იქნება ამ ყველაფრის დასამალად. ეს შეუძლებელია. ამიტომ, მტკიცებულებები იქნება.
ასევეა მარიუპოლის შემთხვევაში. ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ ათობით, ასობით ათასი ადამიანი, მაგრამ გვესმის, რომ მარიუპოლში, შესაძლია დაიღუპა ათობით ათასი. მაგალითად, დონეცკის ოლქის გუბერნატორი ამბობდა, რომ მისი აზრით, მისი სტატისტიკის მიხედვით, მარიუპოლში შესაძლოა 20 ათასი ადამიანი იყოს დაღუპული. და ჩვენ არ ვიცით იმ ადამიანების სიცოცხლის, ბედის შესახებ, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების მხარეს წავიდნენ და შემდეგ რუსეთში გაიყვანეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება, არა ომი, არამედ უკრაინელების გენოციდია.