რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შოიგუმ დღეს, თავდაცვის სამინისტროს საბჭოზე განაცხადა.
„შეერთებული შტატები და მის მიერ კონტროლირებადი დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სპეცოპერაცია მაქსიმალურად გააჭიანურონ.
უცხოური იარაღის გაზრდილი მოცულობებით მიწოდება ნათლად აჩვენებს მათ განზრახვას – კიევის რეჟიმს პროვოცირება გაუკეთონ, რომ „ბოლო უკრაინელამდე“ იბრძოლოს“, – განაცხადა შოიგუმ.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახულ ამოცანებს ასრულებენ და „თანმიმდევრულად ახორციელებენ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების გათავისუფლების გეგმას“.
შოიგუს თქმით, „ოპერაციაში“ მონაწილე რუსი სამხედროები გამბედაობას და გმირობას ავლენენ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ ეს არის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და „დენაციფიკაციაა“.