ამ საკითხზე ზელენსკიმ 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თუ განადგურებული იქნება ჩვენი ხალხი მარიუპოლში, თუ გამოცხადდება რეფერენდუმი უკრაინის ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკრაინა გამოვა ნებისმიერი მოლაპარაკებიდან.
ჩვენმა ხალხმა, რომელიც იმყოფება ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზაპოროჟიეს ოლქში და ქვეყნის აღმოსავლეთში, უნდა იცოდეს და არ უნდა დაეხმაროს ოკუპანტებს. ადგილობრივები დადიან სახლიდან სახლში და მონაცემებს აგროვებენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედებები არსებული ვითარების დიპლომატიურ დარეგულირებას არ უწყობს ხელს.
„ეს აუცილებლად შეუშლის ხელს დიპლომატიური გზით ომის დასრულებას. ეს რუსეთის მხრიდან არასწორი ნაბიჯია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველა წინა მოლაპარაკება ფიქციაა და უბრალოდ თეატრია, ძალიან ცუდი მსახიობებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
სააგენტო Unian-ის ცნობით, რუსები ოკუპირებულ ხერსონში „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის“ ჩატარებას აპირებენ. როგორც სააგენტო წერს, ე.წ. რეფერენდუმი თავდაპირველად 1 მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში იგეგმებოდა, შემდეგ კი 27 აპრილისთვის გადმოიტანეს. ხერსონს ოლქი მოსახლეობის დაახლოებით 40%-მა დატოვა. ოლქის ქალაქები და სოფლები ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდანვე რუსი ოკუპანტების მიერ კონტროლდება.