weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლავროვის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებებში სანქციების გაუქმების საკითხიც განიხილება

13:28 შაბათი, 30 აპრილი 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა ფაქტობრივად ყოველდღიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს შესაძლო შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. როგორც ლავროვი ამბობს, მოლაპარაკებების დღის წესრიგში სანქციების მოხსნის საკითხიც შედის.

„ამ დოკუმენტში [შეთანხმების პროექტში] დაფიქსირებული უნდა იყოს პოსტკონფლიქტური მდგომარეობის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა მუდმივი ნეიტრალიტეტი, უკრაინის არაბირთვული, არაბლოკური და დემილიტარიზებული სტატუსი, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები.

მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედის დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების, სანქციების მოხსნის, რუსული ენის სტატუსის და სხვა საკითხები.

უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელს გახდის ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას“, – განაცხადა ლავროვმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუში.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, თუმცა პროცესი მარტივად არ მიდის. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მოლაპარაკებებს აფერხებს „კიევის დასავლელი მხარდამჭერების საომარი რიტორიკა“.

„ისინი ფაქტობრივად მოუწოდებენ უკრაინას, „ბოლო უკრაინელამდე იბრძოლოს“, ქვეყანას იარაღით ავსებენ და დაქირავებულებს გზავნიან. უკრაინის სპეცსამსახურებმა დასავლელების დახმარებით მოაწყვეს უხეში სისხლიანი პროვოკაცია ბუჩაში, მათ შორის, იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი გართულებულიყო“, – აღნიშნავს ლავროვი.

სერგეი ლავროვმა მოუწოდა აშშ-სა და ნატოს ქვეყნებს, „გონზე მოვიდნენ“ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეწყვიტონ: „უკრაინელ ხალხს სჭირდება არა სტინგერები და ჯაველინები, არამედ გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა. რუსეთი ამას 2014 წლიდან აკეთებს“.

რუსეთი უკრაინაში 66 დღის წინ, 2022 წლის 24 აპრილს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, რუსეთმა ომში 23 200 ადამიანი დაკარგა. 30 აპრილის მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 1008 ერთეული რუსული ტანკი, 2445 ერთეული ჯავშანტექნიკა, 436 საარტილერიო სისტემა, 77 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 190 თვითმფრინავი, 155 შვეულმფრენი და 1701 მანქანა.

 

ამ თემაზე:

თუ ფსევდორეფერენდუმი გაიმართება, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს – ზელენსკი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]