„ოკუპანტები ახლა ქარხნის ტერიტორიაზე შემოჭრას ცდილობენ. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტს აცნობენ მარიუპოლში არსებული სიტუაციის შესახებ და რომ მას პულსზე უკავია ხელი. ამიტომ ჩვენ მისგან ველით მკვეთრ მოქმედებას, რადგან სიტუაცია ძალიან რთულია“, – განაცხადა პალამარმა უკრაინულ გამოცემასთან.
დღეს, 3 მაისს, „აზოვის“ პოლკის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბოლო საჰაერო თავდასხმების შედეგად, ორი სამოქალაქო პირი (ქალები) დაიღუპა, ათამდე ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღებას და „აზოვსტალში“ მყოფი მოქალაქეების უკრაინის მიერ კონტროლირებად უსაფრთხო ტერიტორიაზე ევაკუაციას ითხოვენ.
„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ბრძოლის განახლების შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. სამინისტროს სპიკერმა ვადიმ ასტაფიევმა განაცხადა, რომ „აზოვის“ მებრძოლებმა და უკრაინელმა ჯარისკაცებმა „სიჩუმის რეჟიმი“ სარდაფებიდან გამოსვლისა და საბრძოლო პოზიციებზე მისასვლელად გამოიყენეს.
„ახლა რუსული არმიისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ქვედანაყოფები არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით იწყებენ ამ საცეცხლე პოზიციების განადგურებას“, – ამბობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
ბოლო დღეებში „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობდა.