weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარმოადგინა

13:38 ოთხშაბათი, 04 მაისი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი წარმოადგინა. როგორც მან განაცხადა, ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში ამატებს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირებსა და სამხედროებს, რომლებმაც ბუჩაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს და რომლებიც პასუხიმგებელნი არიან მარიუპოლის „არაადამიანურ ალყაზე“.

„ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია კრემლის ომის დამნაშავეებისთვის: ჩვენ ვიცით, ვინ ხართ თქვენ და პასუხს აგებთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის პარლამენტში.

მეორე, რასაც სანქციათა ახალი პაკეტი ითვალისწინებს, „სბერბანკის“ ჩამოშორებაა SWIFT-ის სისტემიდან.

„ბოლოს და ბოლოს, SWIFT-ს ჩამოვაშორებთ „სბერბანკს“. ეს რუსეთის უმსხვილესი ბანკია, რომელსაც მთლიანი საბანკო სექტორის დაახლოებით 37% უჭირავს. SWIFT-ს რუსეთის სხვა მთავარ ბანკებსაც ჩამოვაშორებთ“, – განაცხადა დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დარტყმა იქნება ბანკებზე, რომლებსაც კრიტიკული მნიშვნელობა გააჩნიათ რუსეთის საფინანსო სისტემისა და პუტინის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს განადგურება.

სანქციების ახალი პაკეტის კიდევ ერთ ელემენტს წარმოადგენს რუსეთის სამი ძირითადი სახელმწიფო მაუწყებლის წინააღმდეგ სანქციების შემოღება. ისინი ვეღარ შეძლებენ თავიანთი კონტენტის ევროკავშირში რაიმე ფორმით გავრცელებას.

„ჩვენს მიერ ეს ტელეარხები იდენტიფიცირებულნი არიან როგორც რუპორები, რომლებიც აგრესიულად აძლიერებენ პუტინის ტყუილებსა და პროპაგანდას. ჩვენ მათ აღარ უნდა დავუთმოთ სცენა თავიანთი სიცრუის გასავრცელებად.

მეოთხე – კრემლი ეყრდნობა რევიზორებს, კონსულტანტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტებს ევროპიდან. რუსეთში რუსული კომპანიებისთვის ამ სერვისების მიწოდებას ვკრძალავთ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

და ბოლოს, სანქციების მეექვსე პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება.

„ახლა ჩვენ ვწყვეტთ რუსეთის ნავთობისგან დამოუკიდებლობის საკითხს. უნდა გვესმოდეს, რომ იოლი არ იქნება. ზოგიერთი წევრი ქვეყანა ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე და ჩვენ უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე.

ახლა გთავაზობთ რუსული ნავთობის აკრძალვას. ეს იქნება რუსული ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვა – საზღვაო გზით და მილსადენით, ნედლის თუ გაწმენდილის.

ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ რუსული ნავთობის მოწოდების შეწყვეტა მოხდეს მოწესრიგებულად, ისე, რომ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს საშუალება გვექნება უზრუნველვყოთ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანიოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა. სწორედ ამიტომ, ნედლი ნავთობის რუსეთიდან მიღებას ექვსი თვის განმავლობაში ეტაპობრივად შევაჩერებთ, ხოლო წლის ბოლოსთვის შეჩერდება რაფინირებული პროდუქტების მოწოდებაც. ამით ჩვენ მაქსიმალურად გავზრდით წნეხს რუსეთზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, იმისთვის რომ ევროკავშირმა უკრაინის დახმარება გააგრძელოს, ძლიერი საკუთარი ეკონომიკა უნდა შეინარჩუნოს.

„ყველა ამ ნაბიჯით, რუსეთის ეკონომიკას ვართმევთ დივერსიფიცირებისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობებს. პუტინს უკრაინის რუკიდან წაშლა სურდა. მას ეს აშკარად არ გამოუვა. პირიქით, უკრაინა ამაღლდა ერთიანობაში, მისი საკუთარი ქვეყანა, რუსეთი კი იძირება. ჩვენი სურვილია, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა შევქმნათ პირობები უკრაინის წარმატებისთვის მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება“, – ხაზი გაუსვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე მან თქვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის მომავალიც იწერება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]