weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთში სანქცირებული რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ვილა დააყადაღეს

17:54 ხუთშაბათი, 05 მაისი 2022

რუსი მილიარდერის, „ალფა ჯგუფისა“ და „ალფა ბანკის“ დამფუძნებლის, მიხაილ ფრიდმანის ოჯახს ქალაქ სენ-ტროპეში ვილა დაუყადაღეს, პარიზში კი ბინა. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა The Insider წერს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით.

ფრიდმანის ქონება ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებული სანქციების შედეგად დაყადაღდა. როგორ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ქონება ფრანგულ კომპანიაზეა გაფორმებული. კომპანიის ბენეფიციარები, ანუ საბოლოო მესაკუთრეები, ფრიდმანის შვილები და მისი ყოფილი ცოლი არიან. ფრიდმანი ვილას აქირავებდა, რითაც თვეში 180 000-დან 440 ათას ევრომდე გამოიმუშავებდა.

რაც შეეხება პარიზში, მორის ბარესის ბულვარში მდებარე ბინას, The Insider-ის ცნობით, ოფიციალურად ისიც ერთ-ერთ კომპანიაზეა გაფორმებული, რომელის ბენეფიციარები ბიზნესმენის ქალიშვილები და ცოლი არიან.

მიხაილ ფრიდმანი ერთ-ერთი პირველი რუსი ოლიგარქია, რომელსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციები შეეხო. სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია ის, რომ ფრიდმანი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მხარს უჭერდა 2014 წელს მომხდარ ყირიმის ოკუპაციას. 17 მარტს ფრიდმანმა განაცხადა, რომ მისი საბანკო ბარათი დაიბლოკა და თვეში მხოლოდ დაახლოებით 3300 აშშ დოლარის დახარჯვა შეეძლო. ბიზნესმენი გამოცემა Bloomberg-თან ამბობდა, რომ ლონდონში სახლის დალაგების საფასურსაც კი ვერ იხდიდა.

ფრიდმანის „ალფა ჯგუფის“ (Alfa Group) შემადგენლობაშია მინერალური წყლების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ი, რომელიც საქართველოში IDS Borjomi Georgia-ს ფლობს. მალევე მას შემდეგ, რაც ფრიდმანს და კონსორციუმის სხვა მფლობელებს სანქციები დაუწესდათ, ბორჯომში მინერალური წყალის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]