weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სულ მალე უკრაინას ექნება ორი გამარჯვების დღე, ვიღაცას კი ერთიც არ დარჩება – ზელენსკი

12:57 ორშაბათი, 09 მაისი 2022

„ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ჩვენ ახალი გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ეს გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. რა არის ჩვენი უპირატესობა მტერთან მიმართებაში? ჩვენ ერთი წიგნით უფრო ჭკვიანები ვართ. ეს წიგნი უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოა. ჩვენ არ გვეცოდინებოდა, რა არის მწუხარება, ყველა მტერს რომ შეეძლოს კითხვა და სწორი დასკვნების გამოტანა“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ოცნებობდა, რომ უკრაინა 9 მაისის აღნიშვნაზე უარს იტყოდა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმზე გამარჯვებას და არავის მივცემთ ჩვენი ისტორიის ნაწილსაც კი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ანტიჰიტლერული კოალიციის შემადგენლობაში, სხვა ხალხებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი.

არავის მივცემთ ამ გამარჯვების ანექსიის, მისი მითვისების უფლებას. მტერი ოცნებობდა, რომ უარს ვიტყოდით 9 მაისის და ნაციზმზე გამარჯვების აღნიშვნაზე, რათა სიტყვა „დენაციფიკაციას“ შანსი ჰქონოდა.

მილიონობით უკრაინელი იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ და მათ მძიმე, გრძელი გზა გაიარეს. მათ განდევნეს ნაცისტები ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ხერსონი, მელიტოპოლი, ბერდიანსკი. გააძევეს ნაცისტები იალტადან, სიმფეროპოლიდან, ქერჩიდან და მთელი ყირიმიდან. ნაცისტებისგან გაათავისუფლეს მარიუპოლი. მათ ნაცისტები მთელი უკრაინიდან გაყარეს, მაგრამ ქალაქები, რომლებიც ახლა დავასახელე, დღეს განსაკუთრებით შთაგვაგონებენ. ისინი გვაძლევენ რწმენას, რომ დამპყრობლებს აუცილებლად განვდევნით ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებით რუსეთმა ისტორიის გამეორება დაიწყო.

„ჩვენ სხვადასხვა ომი გადავიტანეთ, თუმცა ყველას ერთი ფინალი ჰქონდა. ჩვენს მიწაზე ტყვიები და ჭურვები დათესეს, მაგრამ აქ ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო ფესვების გადგმა. მტრის საბრძოლო ეტლები და ტანკები დადიოდნენ ჩვენს მინდვრებში, მაგრამ ამან არავის მოუტანა ნაყოფი. მტრის ისრები და რაკეტები დაფრინავდნენ, მაგრამ არავის ხელეწიფება ჩვენი ლაჟვარდოვანი ცის დაბნელება.

არ არსებობს ბორკილი, რომელიც ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვას შეძლებს. არ არსებობს ოკუპანტი, რომელიც ჩვენს თავისუფალ მიწაზე ფესვს გაიდგამს. არ არსებობს დამპყრობელი, რომელიც ჩვენს თავისუფალ ხალხს უბრძანებს.

ადრე თუ გვიან ჩვენ გავიმარჯვებთ. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი მტერი – თუნდაც იყოს ურდო, თუნდაც ნაციზმი, ან ორივე ერთად, როგორიც ჩვენი ახლანდელი მტერია – ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი მიწაა; იმიტომ, რომ ვიღაც იბრძვის მეფისთვის, ფიურერისთვის, პარტიისთვის და ბელადისთვის, ჩვენ კი სამშობლოსთვის ვიბრძვით.

ჩვენ არასდროს გვიომია ვინმეს წინააღმდეგ, ყოველთვის ვომობთ ჩვენთვის. თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის; იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების გამარჯვება არ იყოს ფუჭი. ისინი ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და გაიმარჯვეს. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ გავიმარჯვებთ.

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, სადაც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა და ყოველი მეხუთე უკრაინელი სახლში არ დაბრუნებულა. სულ, ომს მინიმუმ 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ჩვენ არ ვამბობთ „ჩვენ შეგვიძლია ამის გამეორება“. ომის 2194 დღის გამეორება ხომ მხოლოდ გიჟს შეუძლია.

ის, ვინც დღეს უკვე იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის საშინელ დანაშაულებებს, ბაძავს ნაცისტურ ფილოსოფიას, აკოპირებს ყველაფერს, რაც გააკეთეს, განწირულია, რადგან მილიონობით წინაპარმა დაწყევლა მაშინ, როცა მათი მკვლელის მიბაძვა დაიწყო. ამიტომ ის ყველაფერს დაკარგავს.

სულ მალე უკრაინას ორი გამარჯვების დღე ექნება, ვიღაცას კი ერთიც არ დარჩება. გავიმარჯვეთ მაშინ. გავიმარჯვებთ ახლა!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი არ არის ომი ორ ჯარს შორის, არამედ ეს ორი მსოფლმხედველობის ომია. ზელენსკიმ გაიხსენა უკრაინელი ფილოსოფოსის, გრიგოლ სკოვოროდას სიტყვები – „არავინაა მზაკვრ მტერზე საშიში, მაგრამ არავინაა უფრო შხამიანი ვიდრე მოჩვენებითი მეგობარი“ – და აღნიშნა, რომ უკრაინელები ამ სიტყვების სიმართლეში 24 თებერვალს დარწმუნდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]