weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაიდენმა უკრაინის მხარდამჭერ ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა

10:09 სამშაბათი, 10 მაისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ლენდ-ლიზის შესახებ კანონს, რომელიც უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროცედურას გაამარტივებს. თეთრი სახლის განცხადებით, კანონი აშშ-ის საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმებისგან თავის დაცვაში.

„უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის აქტი 2022“ იანვარში წარადგინეს, 3 მაისს კი მას მხარი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ დაუჭირა. ბადენმა კანონს ხელი ორშაბათს, 9 მაისს მოაწერა.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტს შეეძლება მთავრობას მიანიჭოს უფლებამოსილება, უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალდნენ, იჯარით მისცეს თავდაცვის საშუალებები, რათა გააძლიეროს ამ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმისგან ან მიმდინარე აგრესიისგან.

მსგავსი აქტი შეერთებულმა შტატებმა 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროსაც მიიღო, როდესაც მოკავშირეებს წინასწარი ანაზღაურების გარეშე და ხანგრძლივი პერიოდით იარაღით, სამხედრო აღჭურვილობითა და საკვებით ეხმარებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი დახმარების ერთ-ერთი მთავარი მიმღებები დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი იყვნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-სა და პრეზიდენტ ბაიდენს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ლენდ-ლიზის კანონის ხელმოწერა ისტორიული აქტია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ისევ გავიმარჯვებთ. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, ისევე როგორც 77 წლის წინ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]