weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილების ევაკუაციაზე მოლაპარაკებები იმართება

11:31 პარასკევი, 13 მაისი 2022

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის საკითხზე. ვერეშჩუკის თქმით, ამ რაუნდში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა. პროცესში ჩართულია გაერო და წითელი ჯვარიც.

ირინა ვერეშჩუკმა 12 მაისს, უკრაინული ტელეკომპანიის ეთერში ჩართვის დროს განაცხადა, რომ ევაკუაციის სპეცოპერაცია რამდენიმე ეტაპიანი უნდა იყოს, პირველი ეტაპი კი მძიმედ დაჭრილების ევაკუაციას გულისხმობს.

„სპეცოპერაციის საგზაო რუკის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დავიწყეთ. წითელი ჯვარი დღეს რუსებს ხვდება. მათ ამის მანდატი მივეცით. გვინდა, რომ ხელი მოეწეროს დოკუმენტს იმაზე, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია, ვემზადებით ხელმოსაწერად“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მისივე თქმით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე იმყოფებიან არა მხოლოდ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, ეროვნული პოლიციის ოფიცრები და მესაზღვრეები. ვერეშჩუკის განცხადებით, ყველა მათგანს დახმარება სჭირდება.

„ჩვენ გვესმის, რომ საჭიროა ბიჭების გადარჩენა“, – დასძინა ვერეშჩუკმა.

ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილი, მწოლიარე მებრძოლის გამოყვანაზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ, 12 მაისს, კიევში პრესკონფერენცია გამართა ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მუსტაფა ჯემილევმა, რომელმაც თქვა, რომ თურქეთი რუსეთს „აზოვსტალიდან“ 2 ათასამდე ადამიანის გამოყვანას მაისის დასაწყისში სთავაზობდა.

ჯემილევის განცხადებით, აპრილის ბოლოს მიიღეს თურქეთის პრეზიდენტისადმი უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის, „აზოვსტალში“ მყოფი სერგეი ვოლინას მიმართვა, რომელიც მაშინვე გადათარგმნეს თურქულ ენაზე და რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაუგზავნეს. როგორც ჯემილევი ამბობს, მიმართვა იმავე დღეს მოხვდა ერდოღანის ოფისში.

„4 მაისს, აქ ჩამოფრინდა ერდოღანის მრჩეველი, მისი სპიკერი იბრაჰიმ კალინი. ის საუბრობდა იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებენ ჩვენი გმირი მარიუპოლელების გადასარჩენად. ერდოღანი ორჯერ ესაუბრა პუტინს. გარდა ამისა, თავად იბრაჰიმ კალინი ელაპარაკა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და უთხრა: სტამბოლის პორტში გვიდგას გემი, რომელზეც ორი ათასი ადამიანი ეტევა. ნებისმიერ დროს, როცა მოვილაპარაკებთ, ის მივა ბერდიანსკის პორტში, ამ გემზე იქნება ავტობუსები, რომლებიც მათ [მებრძოლებს] მარიუპოლიდან ბერდიანსკში მიიყვანს, რადგან მარიუპოლის პოლკი დანაღმულია, ისინი ბერდიანსკში თურქი დამკვირვებლების თანხლებით მივლენ და ჩვენ, თურქული მხარე, ვიღებთ ვალდებულებას, რომ ომის დასრულებამდე ისინი თურქეთის რესპუბლიკის სტუმრები იქნებიან, ანუ ომის დასრულებამდე არ იბრძოლებენ“, – ციტირებს ჯამილევი თურქეთის პრეზიდენტის სპიკერს.

ჯემილევის თქმით, სერგეი შოიგუმ იბრაჰიმ კალინს უთხრა, რომ თანახმა იყვნენ „აზოვსტალიდან“ სამოქალაქო პირების გათავისუფლებაზე, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები უნდა დანებდნენ. ჯემილევის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ „აზოვსტალში“ მყოფ მებრძოლებს ნორმალურად მოეპყრობიან, თუ უმაღლესი მთავარსარდალი ზელენსკი მათ დანებებას უბრძანებს და ისინიც იარაღს დაყრიან.

ჯემილევის თქმით, კალინმა შოიგუს უპასუხა, რომ მსოფლიოში არცერთ მთავარსარდალს არ აქვს უფლება, თავის ჯარისკაცებს დანებება უბრძანოს.

„როგორც შუამავალი მხარე გთავაზობთ გაცვლას: რუსი სამხედრო ტყვეების, და მათი რაოდენობა ათასზე მეტია, „აზოველებზე“, – ციტირებს ჯემილევი იბრაჰიმ კალინის სიტყვებს.

ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ლიდერის თქმით, რუსეთთან თურქეთის ამ კომუნიკაციამ შედეგი არ გამოიღო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი ინფორმაციით, რუსეთის ჯარები „აზოვსტალზე“ დარტყმებს აგრძელებენ, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენების გამოყენებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]