weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ალინა კაბაევას და მის ბებიას, ასევე, პუტინის ყოფილ ცოლს

22:13 პარასკევი, 13 მაისი 2022
2005 წელს პუტინმა კაბაევა „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა 2005 წელს პუტინმა კაბაევა „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების სია კიდევ გააფართოვა. სანქციები დაუწესდათ რუსეთის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრებს და ნათესავებს. დიდ ბრიტანეთში მათი ქონება გაიყინება და თავად კი ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ოფიციალურად, ვლადიმერ პუტინი მოკრძალებულ ქონებას ფლობს, რომელიც მოიცავს სანქტ-პეტერბურგში მდებარე პატარა ბინას, 1950-იანი წლების საბჭოთა ეპოქის 2 მანქანას, მისაბმელს და პატარა ავტოფარეხს.

„სინამდვილეში, პუტინი ეყრდნობა მის ოჯახურ ქსელს, ბავშვობის მეგობრებსა და შერჩეულ ელიტას, რომლებიც სარგებელს იღებენ მისი მმართველობით და თავის მხრივ მხარს უჭერენ მის ცხოვრების წესს. დღევანდელი სანქციები არტყამს ამ ჯგუფს, რომელიც პუტინთან ვალშია და მხარს უჭერს მას და მის ომის მანქანას“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

სანქცირებულთა გაფართოებულ სიაში პირველი მოხვდა „ეროვნული მედია ჯგუფის“ (NMG) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, 2004 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში, ალინა კაბაევა. დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ კაბაევას ახლო პირადი ურთიერთობა აქვს პუტინთან. გარდა ამისა, „ეროვნული მედია ჯგუფი“ აქტიურად ავრცელებს რუსულ პროპაგანდას უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

„შესაბამისად, კაბაევა ჩართულია უკრაინის დესტაბილიზაციაში, რადგან ის თავად ან „ეროვნულ მედია ჯგუფთან“ ასოციაციის მეშვეობით არის პასუხისმგებელი, მონაწილეობს, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

ალინა კაბაევა პუტინის პარტიიდან „ერთიანი რუსეთი“ მეხუთე და მეექვსე მოწვევის დუმის დეპუტატი იყო. როგორც The Wall Street Journal-ი წერდა, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კაბაევა პუტინის სულ მცირე სამი შვილის დედაა და შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზღვარგარეთ პუტინის ქონების დამალვაში.

სანქციები დაუწესდა ალინა კაბაევას ბებიას, ანნა ზაცეპლინას, რომელიც, დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, რუსი მილიარდერისა და პუტინის მეგობრისგან, გენადი ტიმჩენკოსგან მოსკოვში მდიდრული ბინა მიიღო. ტიმჩენკო ბანკ „როსსია-ს“ ძირითადი აქციონერია, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 2022 წლის 22 თებერვალს დაუწესა იმ პოლიტიკისა და ქმედებების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

სანქცირებულთა შორის მოხვდა პუტინის ყოფილი ცოლი ლუდმილა ოჩერეტნაია, რომელსაც ის 2013 წელს ოფიციალურად გაშორდა. ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან განქორწინების შემდეგ, ყოფილმა პირველმა ლედიმ ისარგებლა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით. გარდა ამისა, როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვი, რომ ოჩერეტნაია ასოცირებულია პირთან, რომელიც ჩართულია ან ჩართული იყო უკრაინაში დესტაბილიზაციაში.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ პუტინის ბიძაშვილი იგორ პუტინი და მისი ვაჟი რომანი, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის ნათესავი, ბიზნესმენი მიხაილ პუტინი.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 კომპანიას დაუწესა სანქციები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]