weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„აზოვსტალიდან“ 265 უკრაინელი ჩაგვბარდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

14:25 სამშაბათი, 17 მაისი 2022

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიაზე ბლოკირებული სამხედროები ტყვედ ბარდებიან. კონაშენკოვის თქმით, პროცესი 16 მაისიდან დაიწყო.

„გუშინ დაიწყო „აზოვსტალში“ ბლოკირებული ნაციონალისტური ქვედანაყოფის, „აზოვის“ ბოევიკებისა და უკრაინელი ჯარისკაცების ჩაბარება. გასული დღის განმავლობაში 265 ბოევიკმა დადო იარაღი და ჩაბარდა, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილია“,– განაცხადა კონაშენკოვმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ყველა დაჭრილი მკურნალობს ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში, რომელსაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები აკონტროლებენ. კონაშენკოვს არ დაუკონკრეტებია, სად არიან დანარჩენი სამხედროები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 16 მაისს, დღის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „აზოვსტალიდან“ 264 სამხედროს ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცვლის პროცედურით დაბრუნდებიან. გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურების ამოცანა მარიუპოლის მცველების სიცოცხლის გადარჩენაა და სწორედ ასეთი ბრძანება აქვთ ხელმძღვანელობისგან.

ამ საკითხზე განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა.

„ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ამ სიტყვებს ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს“, – თქვა ზელენსკიმ.

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები აცხადებდნენ, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით მძიმედ დაჭრილი სამხედრო ჰყავდათ, ისინი ვეღარ იბრძოდნენ და ღია ჭრილობებით იმყოფებოდნენ ანტისანიტარიულ პირობებში, სადაც არც საჭირო მედიკამენტები ჰქონდათ და არც საკვები. „აზოვის“ პოლკი დაჭრილების უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციას ითხოვდა.

 

ამ თემაზე:

გადარჩენის სხვა ფორმულა არ შეიძლება იყოს – უკრაინის თავდაცვის უწყება „აზოვსტალზე“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]