weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„აზოვსტალში“ მყოფმა 1908 სამხედრომ იარაღი დადო – შოიგუ

14:48 პარასკევი, 20 მაისი 2022

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „აზოვსტალის“ ბლოკირება გრძელდება. მისივე თქმით, იქ მყოფი 1908 უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩაბარდა.

„საწარმოში ბლოკირებული ნაციონალისტები აქტიურად ბარდებიან ტყვედ. მოცემულ მომენტში, იარაღი 1908 ადამიანმა დადო“, – განაცხადა შოიგუმ.

სერგეი შოიგუს ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ევაკუირებულია 177 სამოქალაქო პირი, მათ შორის 85 ქალი და 47 ბავშვი.

უკრაინელმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ დატოვება 16 მაისს დაიწყეს. გუშინ, 19 მაისს, „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ ის და პოლკის ხელმძღვანელობა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რჩებიან და გრძელდება „გარკვეული ოპერაცია“, რომლის დეტალებზეც მან არ ისაუბრა.

„მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას მხარდაჭერისთვის. შეხვედრამდე“, – თქვა ვიდეომიმართვაში პალამარმა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 86 დღის წინ, 24 თებერვალს დაიწყო. ოკუპანტებმა ზღვისპირა ქალაქი მარიუპოლი ალყაში პირველ მარტს მოაქციეს. „აზოვსტალი“ ერთადერთი ადგილია, რომლზეც კონტროლის დამყარება რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს. მეტალურგიული კომბინატის ტერიტორიას „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გარდა, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის წევრები, მესაზღვრეები, პოლიციელები და მოხალისეები იცავენ. უცნობია, რამდენი მებრძოლი რჩება ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 21 აპრილიდან სრულად დაბლოკილია.

არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი სამხედროები რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ შორის მძიმედ დაჭრილებიც არიან. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ერთადერთი გზა მარიუპოლის მცველების გადასარჩენად, „აზოვსტალიდან“ მათი გამოყვანა იყო. როგორც თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, „ისინი ყველანი გმირები არიან და აქვთ ახალი ბრძანება – შეინარჩუნონ სიცოცხლე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]