weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩვენი ცივილიზაციის გადასარჩენად საუკეთესო გზა პუტინის დამარცხებაა – სოროსი

13:14 ოთხშაბათი, 25 მაისი 2022

ამერიკელმა მილიარდერმა ფილანტროპმა, ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს. სოროსის თქმით, ბრძოლის შეჩერების შემდეგაც, ვითარება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ომის დაწყებამდე იყო.

სოროსმა განცხადება 24 მაისს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

„ეს შეჭრა შესაძლოა იყოს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი და ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა ვერ გადაურჩეს მას.

უკრაინაში შეჭრა არ ყოფილა სრული მოულოდნელობა. მსოფლიო სულ უფრო მეტად არის ჩართული ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული მმართველობის ორ სისტემას შორის ბრძოლაში: ღია საზოგადოება და დახურული საზოგადოება. ღია საზოგადოებაში სახელმწიფოს როლი პიროვნების თავისუფლების დაცვაა, დახურულ საზოგადოებაში კი ინდივიდის როლია ემსახუროს სახელმწიფოს მმართველებს“, – განაცხადა სოროსმა.

მისივე თქმით, პუტინის ეგრეთ წოდებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით არ წარიმართა, რადგან ის მოელოდა, რომ მის არმიას, როგორც განმათავისუფლებელს, უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა შეეგებებოდა.

„მისმა ჯარისკაცებმა გამარჯვების აღლუმისთვის ფორმებიც კი წაიღეს თან, მაგრამ ასე არ მოხდა. მოულოდნელად, უკრაინამ ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია და დიდი ზიანი მიაყენა შეჭრილ რუსულ ჯარს, რომელიც ცუდად იყო აღჭურვილი, ცუდად ხელმძღვანელობდნენ, რამაც ჯარისკაცების დემორალიზება გამოიწვია. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მხარი დაუჭირეს უკრაინას და მას შეიარაღება მიაწოდეს. მათი დახმარებით უკრაინამ შეძლო ბევრად უფრო დიდი რუსული ჯარის დამარცხება კიევისთვის ბრძოლაში“,  – განაცხადა სოროსმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მიხვდა, რომ უკრაინაში შეჭრით „საშინელი შეცდომა“ დაუშვა და ახლა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ნიადაგს ამზადებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტა ვერ იქნება მიღწეული – „პუტინი ამას არასოდეს გააკეთებს, რადგან ეს გადადგომის ტოლფასი იქნება“.

ჯორჯ სოროსი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხას გამოეხმაურა.

„არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების კვალიფიკაცია უნდა მიიღონ. დეტალების დამუშავებას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიდის.

მან უკრაინაში შეჭრას უპასუხა უფრო დიდი სისწრაფით, ერთიანობით და ენერგიით, ვიდრე ოდესმე თავის ისტორიაში“, – აღნიშნა სოროსმა.

ამასთან, მან დაამატა, რომ ევროპის დამოკიდებულება რუსულ საწვავზე კვლავ გადაჭარბებულია, რაც „ძირითადად ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილისტური პოლიტიკის“ შედეგია.

„მან რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო გაზის მიწოდებაზე და ჩინეთი გერმანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზარად აქცია. ამან გერმანია ევროპის საუკეთესო ეკონომიკად გარდაქმნა, მაგრამ ახლა მძიმე ფასია გადასახდელი. გერმანიის ეკონომიკა უნდა გადაიხედოს და ამას დიდი დრო დასჭირდება“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

სოროსის თქმით, ამ ვითარებაში მეორე ადგილზე გადაინაცვლეს საკითხებმა, რომლებიც მთელ კაცობრიობას ეხება – პანდემიებთან და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, ბირთვული ომის თავიდან აცილება და გლობალური ინსტიტუციების შენარჩუნება.

„ამიტომაც ვამბობ, რომ შესაძლოა ჩვენი ცივილიზაცია ვერ გადარჩეს... ამიტომ, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მთელი ჩვენი რესურსების მობილიზება, რათა ომი ადრეულ დასასრულამდე მივიყვანოთ. ჩვენი ცივილიზაციის გადასარჩენად საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]