weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

12:38 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

თურქეთის, ფინეთის და შვედეთის ლიდრებმა NATO-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში ხელი მოაწერეს სამხრივ შეთანხმებას, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას უხსნის გზას.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მემორანდუმში გათვალისიწნებულია ის საკითხები, რომელიც თურქეთს აწუხებს, იარაღის ექსპორტის და ტერორიზმთან ბრძოლის ჩათვლით.

„არცერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა სასტიკი ტერორისტული თავდასხმებით ისე, როგორც თურქეთი, მათ შორის, ტერორისტული დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) მხრიდან. თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას.

როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეებთან მიმართებაში. ეს მოიცავს მათ შიდა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას და ექსტრადიციის შესახებ თურქეთთან შეთანხმების გაფორმებას.

ერთად მიღწეული პროგრესის ფონზე, თურქეთი დათანხმდა მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალურ სტატუსზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ორივე ქვეყანამ გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს გააკეთა, თუმცა თურქეთი მათ განხილვას ბლოკავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთმა რიგი პირობები წამოაყენა, მათ შორის ფინეთისა და შვედეთის მიერ PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთსა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება საწინააღმდეგოა იმისა, რისი მიღწევაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურდა უკრაინაში შეჭრამდე NATO-სთან უსაფრთხოების შეთანხმებების ხელმოწერით. NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება პუტინს უგზავნის ნათელ გზავნილს, რომ NATO-ს კარი ღიაა.

„გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა პუტინმა წამოაყენა NATO-სთან ე.წ. უსაფრთხოების ხელშეკრულებების ხელმოწერის საკითხი. პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ის ეწინააღმდეგებოდა NATO-ს შემდგომ გაფართოებას. მას ნაკლები NATO უნდოდა. ახლა პრეზიდენტი პუტინი უფრო მეტ NATO-ს იღებს თავის საზღვრებთან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრმა 30-მა სახელმწიფომ კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]