weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

17:30 ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს, თუმცა მთავრობის მეთაურის მოვალეობებს შეასრულებს მანამ, ვიდრე პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს.

მედიასთან გამოსვლის დროს ჯონსონმა განაცხადა, რომ პოლიტკაში შეუცვლელი არავინ არის და გამოჩნდება ახალი ლიდერი, რომელიც მოწოდებული იქნება, ამ რთულ დროს ქვეყანა წინ წაიყვანოს. ბორის ჯონსონმა მწუხარებით აღნიშნა, რომ „მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის“ დატოვება უწევს.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ვცდილობდი დამერწმუნებინა ჩემი კოლეგები, რომ ექსცენტრიული იქნებოდა მთავრობის შეცვლა მაშინ, როდესაც ამდენ რამეს ვაკეთებთ და როდესაც ასეთი ფართო უფლებამოსილებები გვაქვს და როდესაც, რეალურად, მხოლოდ რამდენიმექულიანი ჩამორჩენა გვაქვს გამოკითხვებში და როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა ასე მძიმეა ქვეყნის შიგნითა და მის ფარგლებს გარეთ. ვწუხვარ, რომ ამ დებატებში წარმატებას ვერ მივაღწიე და რა თქმა უნდა, მტკივა, რომ ამდენ იდეასა და პროექტს ვეღარ ვიხილავ“, – ციტირებს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს გამოცემა The Guardian.

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა მილიონობით მოქალაქეს, რომლებმაც 2019 წელს კონსერვატორებს მისცეს ხმა და 1987 წლის შემდეგ პარლამენტში ყველაზე დიდი უმრავლესობა მოაპოვებინეს.

ჯონსონმა უკრაინელ ხალხსაც მიმართა და დაარწმუნა, რომ დიდი ბრიტანეთი ყველა შემთხვევაში გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და დანაპირების შესრულებას.

ჯონსონის თქმით, კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის და შესაბამისად ახალი პრემიერ-მინისტრის შესარჩევი პროცესი უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. ის ახალ ლიდერს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

როგორც BBC წერს, ბორის ჯონსონმა თანამდებობა საკუთარი მთავრობის წევრების უპრეცედენტო ზეწოლის შედეგად დატოვა. ბოლო დღეებში გადადგომის გადაწყვეტილება 50-ზე მეტმა მინისტრმა და სამინისტროს მაღალჩინოსანმა მიიღო, მათ შორის, ჯონსონის უახლოესმა მოკავშირეებმაც.

ივნისში უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა ბორის ჯონსონმა მცირე სხვაობით მოიგო. უნდობლობის პროცესი კონსერვატიული პარტიის 54 დეპუტატის მიერ იყო ინიცირებული, რომლებიც 2020-2021 წლებში, კორონავირუსის პანდემისას დაწესებული მკაცრი შეზრუდვების პერიოდში, ბორის ჯონსონის მიერ დაუნინგ სტრიტზე მდებარე რეზიდენციაში წვეულებების მასპინძლობის გამო აღშფოთდნენ. ერთ-ერთ ასეთ წვეულებში მონაწილეობისთვის ჯონსონს ბოდიშიც აქვს მოხდილი, თუმცა მაშინ ამბობდა, რომ თანამდეობიდან არ წავიდოდა.

BBC-ის თანახმად, საბოლოო დარტყმა აღმოჩნდა ჯონსონის მთავრობის წევრთან დაკავშირებული სკანდალი, როდესაც კრის პინჩერი მამაკაცების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. პარლამენტარები აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ჯონსონმა პინჩერი მაღალ თანამდებობაზე დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მას სექსუალურ შევიწროებაში უკვე ადანაშაულებდნენ და შიდა გამოძიებასაც დადგენილი ჰქონდა ბრალდების საფუძვლიანობა. ბორის ჯონსონმა ბოდიში მხოლოდ მას შემდეგ მოიხადა, რაც გაჩნდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ბრალდების შესახებ პირადად მოახსენეს.

დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ ოქტომბერში ეყოლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]