weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელებს მაღლა მხოლოდ ერთხელ ავწევთ - როცა მთელ უკრაინაში გამარჯვებას ვიზეიმებთ – ზელენსკი

13:29 ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2022

„ნახევარი წლის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლების ხმა. 24 აგვისტოს მას არ უნდა მოესმინა სიტყვები „გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს“. 24 თებერვალს გვეუბნებოდნენ: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ზელენსკის თქმით, უკრაინელები ამ დღეს სხვადასხვა ადგილებში და ვითარებაში ხვდებიან - მათ შორის, სანგრებში, ტანკებში, ზღვაზე და ჰაერში - თუმცა საერთო მიზნით, რომ შეინარჩუნონ უკრაინის დამოუკიდებლობა და მოიპოვონ გამარჯვება.

„ამ ექვს თვეში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ სამყარო და შევიცვალეთ თავად. ახლა ზუსტად ვიცით, ვინ არის ჩვენი ნამდვილი ძმა და მეგობარი და ვინ არ არის შემთხვევითი ნაცნობიც კი. ვინ არ დაკარგა სახელი და რეპუტაცია და ვინ წუხდა, რომ ტერორისტებს სახე შეენარჩუნებინათ. ვის არ ვჭირდებით სინამდვილეში და სად არის კარი მართლაც ღია ჩვენთვის.

გავიგეთ, ვინ ვინ არის და მთელმა მსოფლიომ გაიგო ვინ არიან უკრაინელები, რა არის უკრაინა. მასზე აღარავინ იტყვის: ეს არის სადღაც იქ, რუსეთის მახლობლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელმა ხალხმა და მისმა სიმამაცემ მთელი მსოფლიო შთააგონა, კაცობრიობას მისცა ახალი იმედი, რომ „სამართლიანობას ბოლომდე არ დაუტოვებია ჩვენი ცინიკური მსოფლიო; რომ იმარჯვებს არა ძალა, არამედ სიმართლე, არა ფული, არამედ ღირებულებები, არა ნავთობი, არამედ ხალხი“.

„ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს. ამ დღეს მთავარი დღესასწაული ვუწოდეთ, ხოლო ლურჯ-ყვითელ დროშას - სალოცავი. გულზე ხელის დადებით ვმღეროდით ჰიმნს და ამაყად ვამბობდით „დიდება უკრაინას!“ და „დიდება გმირებს!“. 24 თებერვალს სიტყვების საქმით დამტკიცება მოგვიწია... ჩვენ ყველა შევიცვალეთ. ვიღაც მეორედ დაიბადა როგორც ადამიანი, პიროვნება, მოქალაქე, პატრიოტი, უბრალოდ უკრაინელი და ეს, რა თქმა უნდა, კარგი ამბავია. ვიღაც გაქრა. არ დაიღუპა, არ მოკვდა, მაგრამ გაუჩინარდა როგორც ადამიანი , პიროვნება, მოქალაქე, როგორც უკრაინელი. სინამდვილეში, ესეც არ არის ცუდი ამბავი - ერთმანეთს ხელს აღარ შევუშლით. ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი: ვიღაცისთვის ეს მარიუპოლი იყო, ვიღაცისთვის მონაკო, მაგრამ ვიცით, ვინ უფრო ბევრია. ბოლოსდაბოლოს ნამდვილად გავერთიანდით - ახალი ერი, რომელიც 24 თებერვალს, დილის 4 საათზე გაჩნდა. კი არ დაიბადა, არამედ ხელახლა დაიბადა. ერი, რომელიც არ ტიროდა, არ ყვიროდა, არ ეშინოდა. არ გაიქცა. არ დანებდა. არ დაავიწყდა.

ეს დროშა იქნება ყველგან, სადაც სამართლიანად უნდა იყოს. დონბასშიც და ყირიმშიც“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტერს ეგონა, რომ რამდენიმე დღეში კიევის ცენტრში აღლუმით ჩაივლიდა, თუმცა მისი ტექნიკა იქ შეიძლება მხოლოდ იმ სახით გამოჩნდეს, რა სახითაც დღეს დგას - დამწვარი და განადგურებული.

„რა არის ჩვენთვის ომის ბოლო? ადრე ვამბობდით მშვიდობა, ახლა ვამბობთ გამარჯვება. ტერორისტებთან ურთიერთგაგებას არ ვეძებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის რუსული ენა, რომლის დასაცავად მოხვედით და მოკალით ათასობით ადამიანი, რომელთა გასათავისუფლებლადაც მოხვედით, ჩვენთვის უფრო გასაგები და ახლობელია ჯონსონი, რომელიც ინგლისურად საუბრობს, ვიდრე მკვლელები, მოძალადეები და მოროდიორები, რომლებმაც ეს ყველაფერი რუსულად გააკეთეს. ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვსხდებით შიშის, თავზე მოდებული იარაღის გამო. ჩვენთვის ყველაზე დიდი საშინელი რკინაა არა რაკეტები, თვითმფრინავები, ტანკები, არამედ ჯაჭვები. არა თხრილები, არამედ ბორკილები.

ჩვენ ხელებს მაღლა მხოლოდ ერთხელ ავწევთ - როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ, მთელ უკრაინაში, რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწებითა და ხალხით. ჩვენთვის უკრაინა მთელი უკრაინაა, 25-ვე რეგიონი, ყოველგვარი დათმობებისა და კომპრომისების გარეშე. ეს სიტყვები არ ვიცით, ისინი 24 თებერვალს რაკეტებით განადგურდა.

დონბასი უკრაინაა და ჩვენ მას დავიბრუნებთ როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა. ყირიმი უკრაინაა და ჩვენ მას დავიბრუნებთ, როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა. არ გსურთ, რომ თქვენი ჯარისკაცები იღუპებოდნენ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. არ გინდათ, რომ თქვენი დედები ტიროდნენ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. აი, ასეთი მარტივი და გასაგებია ჩვენი პირობები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინა დღეს, 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს - ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს. 31 წლის წინ, 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა რადამ უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტი მიიღო, რომელიც უკრაინელმა ხალხმა იმავე წლის 1 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმზე დაადასტურა. რეფერენდუმზე ამომრჩეველთა აქტივობამ 84% შეადგინა. 90% ხმა დამოუკიდებლობას მისცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]