ალექსანდრ კალინინის სახლის ჩხრეკისას იპოვეს საწვავით სავსე ჭურჭელი და პროკლამაციები წარწერით „მატილდასთვის დაიწვები“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ირინა ვოლკის განცხადებით, მანქანის დაწვაში ეჭვმიტანილი ერთი პირი მოსკოვში დააკავეს, ორი კი - მოსკოვის სამხრეთით, 450-მდე კილომეტრში მდებარე ლიპეცკის ოლქში.
ისტორიული ჟანრის რომანტიკულ ფილმ „მატილდას“, რომელშიც მოთხრობილია მეფე ნიკოლოზ II-სა და პოლონელი ბალერინა ქალის სასიყვარულო ურთიერთობის ამბავი, რუსი რადიკალი მონარქისტები და მართლმადიდებლები უპირისპირდებიან. ფილმის გარშემო დაწყებული მწვავე დაპირისპირება და ძალადობის აქტები კრემლის ბევრ ოპონენტს მიაჩნია პრეზიდენტ პუტინის ბოლო წლების პოპულისტური კურსის, „ტრადიციულ რუსულ ღირებულებებზე“ აპელირების ერთ-ერთ შედეგად.
ფილმი მკაცრად გააკრიტიკა სახელმწიფო დუმის ახალგაზრდა დეპუტატმა ნატალია პოკლონსკაიამაც. მისი აზრით, რომანოვების სამეფო სახლის შესახებ არსებული ფილმი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს, რასაც რუსეთში უამრავი ადამიანი და ორგანიზაცია იზიარებს.