weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქურთებს შიმშილი ემუქრებათ, თუ სანქციებს დავაწესებთ - თურქეთის პრეზიდენტი

21:51 სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანის რეგიონში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. კენჭისყრის საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, რეგიონის დამოუკიდებლობას რეფერენდუმის მონაწილეთა 90%-ზე მეტი მიემხრო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ რეფერენდუმის შემდეგ ქურთები დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, მაშინ მათ შიმშილით დახოცვა ემუქრებათ.

თურქეთის პრეზიდენტმა ქურთებისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა.

"ისინი გაჭირვებაში აღმოჩნდებიან, როდესაც სანქციების დაწესებას დავიწყებთ. ვერ შეძლებენ საკვების მოპოვებას, როდესაც ნავთობსადენი ჩაიკეტება და ჩვენი სატვირთოები ჩრდილოეთ ერაყში გადაადგილებას შეწყვეტენ", - განაცხადა ერდოღანმა.

ერაყის ქურთისტანის ლიდერი მასუდ ბარზანი ერდოღანმა ღალატში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადების წინააღმდეგობის მიუხედავად რეფერენდუმის ჩატარებაში გამოიხატა.

"თუ ბარზანი და ქურთისტანის რეგიონული მთავრობა შეცდომას რაც შეიძლება მალე არ გამოასწორებენ, ისინი ისტორიაში შევლენ რეგიონის ეთნიკურ და მწვალებლურ ომში ჩათრევის სირცხვილით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მხარს ისრაელი უჭერდა.

ერაყში, ირანში, თურქეთსა და სირიაში 30 მილიონამდე ეთნიკური ქურთი ცხოვრობს. ქურთები ერაყის 37 მილიონიანი მოსახლეობის 15-20%-ს შეადგენენ. ათწლეულების განმავლობაში, სანამ 1991 წელს ერაყში ავტონომიას მოიპოვებდნენ, ისინი მუდმივ რეპრესიებს განიცდიდნენ.

"ბი ბი სი" ქურთულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რეფერენდუმში მონაწილეობა ქურთისტანის რეგიონში მცხოვრები 5.2 მილიონი ქურთების და რეგიონში რეგისტრირებული სხვა ამომრჩეველების 72%-მა მიიღო.

რეფერენდუმთან დაკავშირებით ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ გამორიცხავს მოლაპარაკებას ქურთების რეგიონის შესაძლო ჩამოშორების საკითხზე.

ერაყი, ქურთისტანის რეგიონის ჩათვლით, თურქეთისთვის სიდიდით მესამე საექსპორტო ბაზარია. 2016 წელს ამ ქვეყანაში თურქეთის ექსპორტის მოცულობამ 8.6 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]