ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.
"მსურს, იმედის და განახლებული ნდობის ფურცელი ვიყო. გარწმუნებთ, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს საერთაშორისო თანამშრომლობას, უსაფრთხოებას, იბრძოლებს გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ. მზად ვარ, მთავარ გამოწვევებს ვუპასუხო", - განაცხადა მაკრონმა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხი აღიარა ეროვნული ფრონტის კანდიდატმა მარინ ლე პენმა. მან მაკრონს გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უსურვა. ლე პენმა მადლობა გადაუხადა 11 მილიონ ადამიანს, რომელმაც მის სასარგებლოდ მისცა ხმა და აღნიშნა, რომ ფრანგებს არჩევანის გაკეთება "პატრიოტებსა და გლობალისტებს" შორის მოუხდათ.
ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.
39 წლის ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია. 1958 წლის შემდეგ ის ასევე პირველი პრეზიდენტია, რომელიც საფრანგეთის ორ ძირითად პარტიას - „საფრანგეთის სოციალისტური პარტია“ (PS) და „კავშირი სახალხო მოძრაობისათვის“ (UMP) - არ წარმოადგენს.