სააგენტო „როიტერი“ პენტაგონის განცხადებაზე დაყრდობით წერს, რომ 27 აპრილის რეიდის დროს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 35 მებრძოლი და მაღალი რანგის მეთაური მოკლეს.
„ეს წარმატებული ერთობლივი ოპერაცია 2017 წელს ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა ქაბულში.
ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივი ლიდერი აბდულ ხასიბი მრავალი თავდასხმის ორგანიზატორი იყო, მათ შორისაა 8 მარტს, ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე მომხდარი თავდასხმა, რა დროსაც ათობით ექიმი და პაციენტი მოკლეს. ხასიბის ბრძანებით, თავს კვეთდნენ ადგილობრივ უხუცესებს, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისთვის ცოლად შერთვის მიზნით იტაცებდნენ ქალებსა და გოგონებს.
ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის განშტოება, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ისლამური სახელმწიფო ხორაშანი“ (ISIS-K), 2015 წლიდან მოქმედებს. ის ებრძვის როგორც თალიბანს, ისე აშშ-ის ძალებს.
2017 წლის აპრილში, აშშ-მა ავღანეთში პირველად გამოიყენა ყველაზე მძლავრი არაბირთვული ბომბი, რომელსაც „ყველა ბომბის დედასაც“ ეძახიან. ქვეყნის აღმოსავლეთით ბომბის ჩამოგდების შედეგად ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 30-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს.