„ღია საზოგადოება“ აფინანსებს ლტოლვილებს და წვლილი შეაქვს ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში, მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას. ფონდი 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, საქმიანობს და ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი დოლარის დახმარებას გასცემს. არსებული ინფორმაციით, „ღია საზოგადოება“ გაფართოებას არ აპირებს და მის კაპიტალს უწინდებურად ჯორჯ სოროსის საფინანსო კომპანია განკარგავს.
„ღია საზოგადოების“, ე.წ. სოროსის ფონდის პირველი უცხოური ფილიალი 1984 წელს უნგრეთში გაიხსნა, ქვეყანაში, სადაც ჯორჯ სოროსი დაიბადა. „ღია საზოგადოება - საქართველო“ 1994 წელს დაფუძნდა. ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის განვითარებას, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეროვნულ და ევროპულ ინტეგრაციას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და სოციალურ თანასწორობას.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, რუსეთში, ფონდი „ღია საზოგადოება“ არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს.