პრინცმა საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა საუდის არაბეთი ღია საზოგადოებად გადააქციოს. მისი თქმით, ამ გზით მოქალაქეებს თვითგანვითარების შესაძლებლობა ექნებათ, ხოლო ქვეყანა ახალ ინვესტიციებს მიიზიდავს.
„ის, რაც ბოლო 30 წელში მოხდა – არ არის საუდის არაბეთი. რაც რეგიონში ბოლო 30 წელში მოხდა - არ არის ახლო აღმოსავლეთი. 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ხალხს სურდა ამ პოლიტიკური მოდელის გადაღება სხვადასხვა სახელმწიფოში, ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო იყო საუდის არაბეთი. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ გვებრძოლა მასთან და პრობლემა გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ახლა დადგა დრო, რომ გავთავისუფლდეთ მისგან“, – განაცხადა პრინცმა ბრიტანულ გამოცემა Guardian–თან ინტერვიუში.
მუჰამედ ბინ სალმანის თქმით, იმ შემთხვევაში თუ საუდის არაბეთი, რომელიც დიდი ოცეულის წევრია და რომელსაც მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერესი ეკონომიკა აქვს, შეიცვლება უკეთესობისკენ, ეს ხელს შეუწყობს რეგიონის და მთლიანად მსოფლიოს შეცვლასაც.
„ჩვენ უბრალოდ ვუბრუნდებით იმას, რასაც მივსდევდით – ზომიერ ისლამს, რომელიც ღიაა მსოფლიოსთვის და ყველა რელიგიისთვის. საუდის არაბეთის მოსახლეობის 70% 30 წლამდეა. გულწრფელად რომ ვთქვათ, არ გვინდა ჩვენი ცხოვრების 30 წელი ექსტრემისტულ მოსაზრებებთან ბრძოლაში დავკარგოთ, ჩვენ მათ ახლა და დაუყოვნებლივ გავანადგურებთ“, – აღნიშნა პრინცმა.
მისი თქმით, ეკონომიკურ ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თანაბრად მნიშვნელოვანია სოციალური ტრანსფორმაციაც. „ვერ მიაღწვთ ერთს მეორის გარეშე. სოციალური ტრანსფორმაციის სიჩქარე მნიშვნელოვანია“.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ საუდის არაბეთში დაძლიეს სოციალური ტაბუ, რომლითაც ქალებისთვის ავტომობილის მართვა აკრძალული იყო.