weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

კიევში ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს

02:14 სამშაბათი, 31 ოქტომბერი 2017

უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის მეთაურის ადამ ოსმაევის მეუღლე იყო. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, უცნობმა პირებმა ოკუევას კუთვნილი ავტომობილი დაცხრილეს, რა დროსაც ქალი დაიღუპა, ადამ ოსმაევი კი დაიჭრა.

"სულ ახლახანს გაჩერდა უკრაინის პატრიოტის ამინა ოკუევას გული. მისი ავტომობილი სარკინიგზო გადასასვლელზე ბუჩქებიდან დაცხრილეს. მიღებული ჭრილობებისგან ამინა დაიღუპა. ადამ ოსმაევი კი დაიჭრა, თუმცა იცოცხლებს", - აცხადებს გერაშენკო.

"ბი ბი სის" რუსული სამსახურის ინფორმაციით, ოკუევასა და მის ქმარს ცეცხლი რამდენიმე თვის წინაც გაუხსნეს.

2012 წელს ადამ ოსმაევი უკრაინელმა სამართალდამცავებმა ოდესაში დააკავეს. ის ბინის აფეთქების მოწყობაში იყო ეჭვმიტანილი და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და ტერაქტის მომზადების მუხლებით აღიძრა. რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ოსმაევი ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულეს და მისი ექსტრადირება მოითხოვეს.

ოსმაევის მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას ემუქრებოდნენ, რომ თუ ვლადიმერ პუტინსა და ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვზე თავდასხმის მცდელობას არ აღიარებდა, აწამებდნენ.

ოდესის სასამართლომ რუსეთში ოსმაევის ექსტრადიციაზე ნებართვა გასცა, თუმცა პროცესი სტრასბურგის სასამართლომ დაბლოკა, რომელმაც მიიჩნია, რომ რუსეთში ოსმაევს წამება ელოდა.

2014 წელს, როდესაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, სასამართლომ ოსმაევი დამნაშავედ ცნო წარდგენილ სამ ბრალდებაში - ასაფეთქებელ ნივთიერებებთან მართლსაწინააღმდეგო მოპყრობა, გაუფრთხილებლობით სხვისი ქონების განადგურება და დოკუმენტების გაყალბება.

ოსმაევი ციხიდან მალევე გამოვიდა და სათავეში ჩაუდგა ჯოხარ დუდაევის სახელობის საერთაშორისო ბატალიონს, მისი მეუღლე ამინა ოკუევა კი ამ ფორმირების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გახდა. ის უკრაინაში მოძრაობა "თავისუფალი კავკასიის" წარმომადგენელიც იყო. ცოლ-ქმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა.

ოსმაევმა და ოკუევამ ერთმანეთი 2009 წელს კიევში გაიცნეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]