თეთრი სახლის პრესმდივნის, შონ სპაისერის განცხადებით, პრეზიდენტმა გენერალური პროკურორის და გენერალური პროკურორის მოადგილის რჩევა მიიღო, FBI-ის დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ჯეიმს კომისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ მას FBI-ის ეფექტურად ხელმძღვანელობა არ შეუძლია.
მოულოდნელი გადაწყევტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთი კვირის წინ, კონგრესში გამოსვლისას, კომმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლიტონის ელექტრონული წერილების შესახებ არაზუსტი მონაცემები წარადგინა. დონალდ ტრამპი და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ჯეიმს კომი სწორედ ჰილარი კლინტონის პირადი სერვერის გარშემო არსებული სკანდალის ცუდი გამოძიების გამო გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ კლიტონი 2016 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას სწორედ ჯეიმს კომს უკავშირებდა.
დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ ტრამპმა FBI-ის დირექტორი იმიტომ გაათავისუფლა, რომ გავლენა მოეხდინა მის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებაზე. ტრამპის ახლო გარემოცვის ბევრ წარმომადგენელს კრემლთან კავშირებში ადანაშაულებენ.
თეთრი სახლის განცხადებით, FBI-ის ახალი დირექტორის ძიება დაუყოვნებლივ დაიწყება. გამოძიების ფედერალური სააგენტოს დირექტორები ათწლიანი ვადით ინიშნებიან. 56 წლის კომი ამ პოსტზე 2013 წელს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა.