ამერიკული გამოცემა The Washington Post წერს, რომ ომარ ალ-შიშანი სირიაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი მეთაური იყო, რომელიც 2016 წელს მოკლეს.
„ჩემი პირველი დავალება იყო ჯოჰარ დუდაევის ნათესავებთან დაახლოება, რომლებიც ყაზახეთში ცხოვრობდნენ. მათი საშუალებით უნდა დავკავშირებოდი და გავნობოდი კავკასიელ მუჯაჰიდებს. ამ ამოცანის შესრულების შემდეგ, დამავალეს შევსულიყავი კავკასიელი მუჯაჰედების ჯგუფში და შემეგროვებინა ინფორმაცია მათ შესახებ. სირიაში უნდა შემეღწია ხალიფატის სპეციალურ სამსახურებსა და ხელმძღვანელობაში. ერთ-ერთი ბრძანება იყო, რომ კავშირი დამემყარებინა ომარ ალ-შიშანთან ან მის წრესთან, მაგრამ ამ დროს ხალიფატის დაზვერვამ დამაკავა“ - ამბობს მამაკაცი 12-წუთიან რუსულენოვან ვიდეოში.
ის რუსეთის სპეცსამსახურებში საკუთარი საქმიანობის შესახებ ყვება და რუს აგენტებს დანებებას სთხოვს. გარდა ამისა, ვიდეოში ისლამისტები რუსეთსა და პრეზიდენტ პუტინს ახალი ტერაქტების მოწყობით ემუქრებიან.
ჩანაწერი სავარაუდოდ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად რაქას პროვინციაშია გადაღებული. მისი ავთენტურობა და „რუსი ოფიცრის“ ვინაობის დადგენა ჯერ არ მომხდარა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი უარყოფს სირიაში მათი სამხედროს ტყვედ ჩავარდნისა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოკვლის შესახებ ინფორმაციას.
რუსეთის ფედერალური საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის ვიქტორ ოზეროვის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიდეო დადგმულია, ის რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, ხოლო თუ რუსი სამხედროს მკვლელობა დადასტურდება, ყველა უმკაცრესად დაისჯება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც რუსეთის მოქალაქის მაგამედ ხასიევის მკვლელობას ასახავდა.
2015 წლის სექტემბრიდან სირიაში სამხედრო კამპანიის დაწყების შემდეგ, სირიის მთავრობასა და ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ბრძოლაში, რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭეს მხარს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში სირიაში დაახლოებით 30 რუსი სამხედრო მოსამსახურე მოკლეს.