სააგენტოს ცნობით, სუპერმარკეტზე თავდასხმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა განახორციელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა „ხალიფატის ჯარისკაცთა შენაერთმა“ მოათავსა.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 27 დეკემბერს მომხდარი აფეთქების სიმძლავრე 200 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო.
აფეთქება ტერაქტად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეაფასა. „სანკტ-პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა. ხოლო სულ ახლახანს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტის კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთა“, - განაცხადა პუტინმა სირიაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების დაჯილდოების ცერემონიალზე.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს დაავალა, რომ ბანდიტების დაკავებისას კანონის ფარგლებში იმოქმედონ, თუმცა არ დაატყვევონ და ადგილზე გაანადგურონ, თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან სამართალდამცავების სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას.
სანკტ-პეტერბურგში მომხდარი აფეთქების გამო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი, ან მეტი ადამიანის მკვლელობის მცდელობის მუხლით.