weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მექსიკაში ჩონჩხებით სავსე იდუმალი სამარხი აღმოაჩინეს

11:09 ხუთშაბათი, 08 თებერვალი 2018

რამდენიმე დღის წინ, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ერთ-ერთ ფედერალურ რაიონ ტლალპანში მექსიკელმა არქეოლოგებმა აცტეკების კულტურამდელი სამარხი აღმოაჩინეს. რამდენიმე მიმართულებით ჩაწყობილი 2400-წლოვანი თავის ქალები და სამარხის კიდეებზე დალაგებული ათი ჩონჩხი ირმის ნახტომის სპირალს წააგავს. 1.5 სიღრმეში ასევე აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი და სხვადასხვა ტიპის ქვები.

გათხრების ხელმძღვანელის, არქეოლოგ ხიმენა რივერა ესკამილიას განცხადებით, შესაძლოა ეს უცნობი სამარხი რიტუალური ცერემონიის ნაწილია, რისი ვარაუდის საშუალებასაც იძლევა ჩონჩხების წინასწარ განზრახული, საგულდაგულო განლაგება. დამარხულებს შორის არიან როგორც ერთი თვის ჩვილი, ისე - ხანდაზმული ადამიანები. ჩონჩხები ისეა ჩალაგებული, რომ ერთის თავი მეორის გულმკერდზეა, ერთის ხელები კი მეორის ზურგზეა დაწყობილი.

ჩონჩხები ეკუთვნის ჯგუფს, რომელიც ამ ტერიტორიაზე 500 წლის განმავლობაში, ძვ. წ. 700-200 წლების პერიოდში სახლობდა, ეპოქაში, როდესაც განვითარება დაიწყო მექსიკის ყველა ძირითადმა ცივილიზაციამ. მკვლევართა დასკვნით, ზოგიერთი თავის ქალა და კბილი ხელოვნურად დეფორმირებული ჩანს, რაც ცნობილი პრაქტიკაა მეზოამერიკულ საზოგადოებებში - იგი შესაძლოა მიუთითებდა სოციალურ სტატუსზე, გენდერსა ან იმის მცდელობას, რომ ისინი ღვთაებებისთვის მიემსგავსებინათ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, ახ. წ. 1400-იანი წლებით დათარიღებული სამარხის აღმოჩენის შემდეგ, მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ შიშიმები (ხიხიმები), რომლებიც თანამედროვე მექსიკის დურანგოს შტატის მთებში სახლობდნენ, კანიბალები იყვნენ. დადგინდა, რომ აღმოჩენილი ძვლები მოხარშული, ხორცგაცლილი და ქვის დანებით დაკაწრული იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]