87 წლის ჯორჯ სოროსს მიაჩნია, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება ტრაგიკული შეცდომა იყო, რაც დიდ ბრიტანეთს დაასუსტებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორჯ სოროსი კამპანია Best for Britain აფინანსებს გასულ კვირაში გავრცელდა, რის გამოც სოროსმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა. მილიარდერის თქმით, კამპანიას მთელი გულით უჭერს მხარს და არასოდეს დაუმალავს, რომ ბრექსიტის წინააღმდეგია.
„ეს პროცესი ბრიტანეთსა და ევროპას ერთმანეთის მტრებად აქცევს, სულ მცირე გარდამავალ პერიოდში. რეფერენდუმის ჩატარებამდე ბრიტანეთს ეკონომიკურად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა ვიდრე დანარჩენ ევროპას. მაგრამ ახლა ვითარება შეტრიალდა, ბრიტანეთის ეკონომიკა ჩამორჩება მაშინ როდესაც კონტინენტზე ეკონომიკები ძლიერდება“, - აღნიშნავს სოროსი.
რეფერენდუმი ბრექსიტთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა, რომელში მონაწილეთა უმრავლესობამაც (51,9 %-მა) გასვლას მხარი დაუჭირა. 2017 წლის 29 მარტს ხელისუფლებამ აამოქმედა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფი გასვლის პროცესის დასაწყებად.
Best for Britain-ის კამპანიის თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მარკ მალოკ ბრაუნია. Best for Britain მხარდამჭერების მოსაზიდად მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ტურის დაწყებას აანონსებს.