weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოლდოვაში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი ძალაში შევიდა

15:16 სამშაბათი, 13 თებერვალი 2018

მოლდოვაში 12 თებერვლიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მოლდოვურ მაუწყებლებს რუსული საინფორმაციო, ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის პროგრამების გაშვებას უკრძალავს. ტელევიზიისა და რადიოს კოდექსში შესული ცვლილებების მიზანი ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

Newsmaker-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მაუწყებელი კანონს დაარღვევს, ფინანსური სანქციები დაეკისრება. პირველ ჯერზე ჯარიმის მოცულობა 40 ათასიდან 70 ათასამდე მოლდოვური ლეი იქნება, მეორედ ჯარიმა 70 ათასიდან 100 ათას ლეიმდე გაიზრდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური სანქცია უშედეგო იქნება, რადიოსა და ტელევიზიის საკოორდინაციო საბჭო მაუწყებელს ლიცენზიას ჩამოართმევს.

მოლდოვის რადიოსა და ტელევიზიის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა დრაგოშ ვიკოლმა განაცხადა, რომ კანონის აღსრულებას მონიტორინგს საბჭო გაუწევს. როგორც ცნობილია კანონის ახალი მოთხოვნების შესასრულებლად, ტელეკომპანიებს 30 დღიანი ვადა აქვთ განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ კანონს ხელი ორჯერ არ მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა, რომელიც მიუთითებდა, რომ კანონი ანტიდემოკრატიულია და ზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და აზრის პლურალიზმს.

„ე.წ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ კანონით უხეშად ირღვევა მოლდოვის რესპუბლიკის მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები. მოლდოვის მოქალაქეთა თითქმის 70 %, რუსეთის ფედერაციას მეგობარ სახელმწიფოდ მიიჩნევს“, - განაცხადა დოდონმა.

5 იანვარს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ იგორ დოდონმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც ვეტოს დაძლევის მიუხედავად კანონს ხელი არ მოაწერა და პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა, კანონს კი ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]