საქმის განხლვა სასამართლოში 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. სარჩელი გერმანიის ეკოლოგიურმა ორგანიზაციამ Deutsche Umwelthilfe (DUH) შეიტანა. მოპასუხე მხარეები ბადენ-ვიურტემბერგი და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია იყვნენ. მათ დედაქალაქებში - შტუტგარტსა და დიუსელდორფში, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების განსაკუთრებით მაღალი შემცველობა გამოავლინეს.
სასამართლოს ახალი დადგენილება პრეცედენტულია და როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, შესაძლოა მაგალითი მისცეს ევროპის სხვა ქალაქებსაც და გავლენა იქონიოს მთლიანად ეკოლოგიური პოლიტიკის შეცვლაზე.
გერმანიის ფედერალური მთავრობა და ავტოინდუსტრია მსგავს აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. აკრძალვის თავიდან ასაცილებლად გერმანულმა ავტომწარმოებლებმა პირობა დადეს, რომ დიზელზე მომუშავე ავტომანქანებს გააუმჯობესებენ, ხოლო მთავრობამ ალტერნატიული ვარიანტები წარმოადგინა, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება განსაკუთრებით დაბინძურებულ ქალაქებში.
გერმანიაში 15 მილიონი დიზელის ძრავიანი ავტომანქანაა, საიდანაც ევროსტანდარტებს მხოლოდ 2.5 მილიონი აკმაყოფილებს. ასეთი ავტომანქანების წარმოება მცირდება. თუ 2015 წელს მთლიანი ბაზრის 48%-ს დიზელის საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი შეადგენდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 39%-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ათენის, მადრიდის, პარიზისა და მეხიკოს მერები შეთანხმდნენ, რომ 2025 წლამდე დიზელზე მომუშავე ავტომანქანებს აკრძალავენ. კოპენჰაგენის მერს კი მსგავსი აკრძალვის დაწესება უკვე მომავალი წლიდან სურს.
დიზელის წვის შედეგად წარმოქმნილი გამონაბილქვი აზოტის ოქსიდებს შეიცავს, რაც სასუნთქი გზების დააავადებებს იწვევს.