„ვფიქრობ, ძალიან, ძალიან დროულია მრუშობის საკითხზე ვიმსჯელოთ, რადგან ჩვენი საზოგადოება მორალური ღირებულებების თვალსაზრისით განსხვავებულ მდგომარეობაშია. ეს ძალიან ძველი თემაა და 2004 წელს უკვე იყო ჩვენს საკანონმდებლო წინადადებებს შორის, მაგრამ მაშინ უარი ვთქვით და მოვიქეცით ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, შევცდით“, - ციტირებს ერდოღანის კომენტარს Independent-ი.
თურქეთში ცოლ-ქმრული ღალატისთვის 3 წლამდე პატიმრობა იყო გათვალისწინებული. 1996 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ღალატის შესახებ კანონი გააუქმა იმაზე მითითებით, რომ უფრო მეტი ქალი ისჯებოდა, ვიდრე კაცი. ქალებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ ღალატის პირველივე ფაქტზე, კაცები მხოლოდ მაშინ ისჯებოდნენ, თუ დამტკიცდებოდა, რომ ცოლს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღალატობდნენ.
2004 წელს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ცოლ-ქმრული ღალატის და ქორწინების გარეშე სექსის კრიმინალიზაცია მომხდარიყო. მაშინ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე თურქეთმა უარი ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო თქვა. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ასეთი კანონი შეამცირებდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.