თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
23 მარტს, 25 წლის რედუან ლაკდიმმა ავტომანქანა გაიტაცა, მძღოლი კი მოკლა. ამის შემდეგ მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ქალაქ ტრებში სუპერმარკეტს დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, სუპერმარკეტში შეჭრის დროს ლაკდიმი ყვიროდა, რომ „დაეშის“ (ე.წ. ისლამური სახელმწიფოს) ჯარისკაცი იყო. მან მძევლების აყვანამდე მაღაზიის თანამშრომელი და კლიენტი მოკლა.
თავად თავდამსხმელი პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს. მომხდარის შედეგად 16 ადამიანი დაიჭრა, მათგან ორი მძიმედ.
ლაკდიმი ითხოვდა სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას, რომელიც ეჭვმიტანილია 2015 წლის ნოემბერში, პარიზში, იმ ტერაქტის მოწყობაში, რომელსაც 130 ადამიანი იმსხვერპლა.
„ბი ბი სის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი რედუან ლაკდიმი მაროკოში, 1992 წელს დაიბადა. ის ქალაქ კარკასონში მშობლებთან და დებთან ერთად ცხოვრობდა. ლაკდიმის შესახებ ცობილი იყო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურებისთვის. პროკურორის თქმით, რადიკალიზაციისა და სალაფიტურ მოძრაობასთან კავშირის გამო, მას თვალს ადევნებდნენ. 2011 წელს ლაკდიმი დამნაშავედ ცნეს აკრძალული იარაღის ტარებაში, ხოლო 2015 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და სასამართლოს წესრიგის დარღვევისთვის გაასამართლეს.