„რუსეთი პირობას დებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან ისინი წამოვლენ, მშვენიერები, ახლები და „ჭკვიანები“. არ უნდა იყო მხეცის პარტნიორი, რომელიც გაზით კლავს, საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ეს სიამოვნებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჭკვიანი რაკეტები უნდა მიფრინავდნენ ტერორისტების მიმართულებით და არა კანონიერი მთავრობისკენ, რომელიც რამდენიმე წელია თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის“.
ტრამპისა და ზახაროვას კომენტარებს წინ უძღოდა ლიბანში რუსეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება. ალექსანდრე ზასიპკინის თქმით, რუსეთი იტოვებს უფლებას, ჩამოაგდოს ამერიკული რაკეტები და იერიში მიიტანოს მათი გაშვების ადგილზე, იმ შემთხვევაში თუ სირიაში ადგილი ექნება აშშ-ის აგრესიას.