weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის დაბომბვაზე რუსეთის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

23:05 შაბათი, 14 აპრილი 2018

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიის მიმართ „აგრესიას“. 

რეზოლუციის პროექტის თანახმად, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს წესდება დაარღვიეს. რუსეთი სირიის მიმართ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მომავალში ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას ითხოვდა.

რეზოლუციის პროექტის სასარგებლოდ ხმა უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან სამმა - რუსეთმა, ჩინეთმა და ბოლივიამ მისცეს. წინააღმდეგი რვა სახელმწიფო იყო. მათ შორის, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. საბჭოს ოთხმა წევრმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც რუსეთის მოთხოვნით დღეს საგანგებოდ მოიწვიეს, აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიაში აშშ-სა და მისი მოკავშირეების მოქმედება „პროპორციული და დასაბუთებული“ იყო. მისივე თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაბლოკა ყველანაირი მცდელობა, რომელიც ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ხელშეშლას ისახავდა მიზნად, ამის გამო, აშშ მოქმედებაზე გადავიდა.

„ეს იერიში ნათელი გზავნილია: ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენების საშუალებას არ მივცემთ. თუ რეჟიმი მას კიდევ გამოიყენებს, ჩვენ ისევ ვიმოქმედებთ“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავი აარიდონ ვითარების ესკალაციას და დაიცვან გაერო-ს წესდება.

14 აპრილს, აშშ-მა, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ერთად, სირიის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განახორციელა. ეს გადაწყვეტილება 7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო მიიღეს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოკავშირეებმა სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რომელთა სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია და საწყობი იყო.

 

ამ თემაზე:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად სირია დაბომბა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]